ნეტგაზეთი | აქცია “ოცნების” ოფისთან ტვ პირველზე გასული ჩანაწერების შემდეგ აქცია “ოცნების” ოფისთან ტვ პირველზე გასული ჩანაწერების შემდეგ – Netgazeti
RU | GE  

აქცია “ოცნების” ოფისთან ტვ პირველზე გასული ჩანაწერების შემდეგ

“TV პირველის” მიერ აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, მოძრაობამ “თავისუფლებისთვის” “ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა.

პროტესტის მიზეზი გახდა მასალები, რომლებიც  გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

აქტივისტები “ქართული ოცნების” ოფისთან ჩანაწერების ეთერში გასვლიდან მალევე, შეძახილებითა და სხვადასხვა შინაარსის პლაკატებით მივიდნენ. ერთ-ერთს ეწერა: “მამიკოს ბიჭი კანონის წინაშე აგებს პასუხს”.

“დღეს ვიხილეთ შემზარავი ფაქტები, როგორ ცდილობს და როგორ საუბრობს ქვეყნის არაფორმალური მმართველის შვილი ადამიანებზე, როგორც არაფერზე. ჩვენ ვიხილეთ, რომ ბერა ივანიშვილი დღევანდელ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, გეგმავს ადამიანების ჩაგვრას.

ჩვენ ვიცოდით, რომ ადამიანები არაფერი არ იყვნენ; ისინი ქართველ მოსახლეობას პარავენ არჩევნებს, ქვეყანაში არის კორუფცია, მაგრამ ამ ჩანაწერებით ახალი მწვერვალები დაიპყრო ქართულმა ოცნებამ”, — უთხრა “ტვ პირველს” მოძრაობის “საქართველოსთვის” წარმომადგენელმა ვანო მაღალაშვილმა.

აუდიოჩანაწერებს მმართველი გუნდის არაერთი წარმომადგენელი გამოეხმაურა და როგორც “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, აღნიშნული მასალები “ოცნების” ოფისში 6 მარტს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზეც განიხილეს. თანაგუნდელების მსგავსად, მდინარაძეც ამტკიცებს, რომ ჩანაწერები ფაბრიკაციაა და 2010 წელს ჩაწერილი საუბრების ფრაგმენტებისგან შედგება.

ვრცლად, წაიკითხეთ აქ:

ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან