ახალი ამბები

EU-ს საგარეო მინისტრები საქართველოში კრიზისის მოსაგვარებლად მედიატორთა ჯგუფს ქმნიან — LRT

5 მარტი, 2021 • 1660
EU-ს საგარეო მინისტრები საქართველოში კრიზისის მოსაგვარებლად მედიატორთა ჯგუფს ქმნიან  — LRT

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ქმნიან “მედიატორთა ჯგუფს”, რათა საქართველოს დაეხმარონ პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი (LRT) ავრცელებს.

მაუწყებლის ინფორმაციით, კითხვაზე, გეგმავს თუ არა საქართველოში ვიზიტს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასხუა:

“[საქართველოში ვიზიტის] გეგმა არსებობს. ჩვენ ახლა განვიხილავთ, იქნება თუ არა მსგავსი ვიზიტი შედეგის მომტანი. საგარეო საქმეთა მინისტრები ქმნიან მედიატორთა ჯგუფს და ამ ჯგუფში ნამდვილად იქნება ერთზე მეტი ქვეყნის მინისტრი.

მჯერა, მნიშვნელოვანი იქნება, საქართველოს გავუგზავნოთ სიგნალი არამხოლოდ ლიეტუვისგან… ეს უნდა იყოს სიგნალი ევროპიდან, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს განგრძობად ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე”, — LRT-ს ცნობით, ჟურნალისტებს განუცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ არ აღიარა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ხელახალი არჩევნები მოითხოვა. ხელისუფლება ამ დრომდე ეწინააღმდეგება ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. მედიაციის მიზნით საქართველოს 28 თებერვალს ეწვია ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.  მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შედეგი მარტის შუა რიცხვებში ბრიუსელში, საქართველოსთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე უნდა განიხილონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი