ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“დაკავებულია” – ისტორიის ნანგრევები სოხუმის ცენტრში

5 მარტი, 2021 • 2639
“დაკავებულია” – ისტორიის ნანგრევები სოხუმის ცენტრში

სოხუმის ისტორიული ნაწილი – ეს არის სხვადასხვა ეპოქების შენობები: მეოცე საუკუნის დასაწყისის არტ-დეკო, სტალინური ამპირი [Empire style], ე.წ. ხრუშჩვოკები და ახალი აშენებული ბინები. თუმცა, ქალაქის შენობების თითქმის მესამედი ნანგრევებად არის ქცეული. ზოგიერთი სახლი ჯერ კიდევ ქართულ-აფხაზური ომის დროს დაინგრა, ზოგი მიტოვებულია და დროსთან ერთად კიდევ უფრო განადგურდა.

ზოგიერთ სახლზე წარწერებიც გააკეთეს – “დაკავებულია” და საკუთრებად გაიფორმეს, მაგრამ ქონების მოვლასა და რემონტზე ფული არ აქვთ. შესაბამისად, ამ შენობების სახურავებზე და აივნებზე ხეები და ბუჩქები ამოიზარდა, სადარბაზოებს კი მოქალაქეები საზოგადოებრივ საპირფარეშოებად იყენებენ.

სახაროვის ქუჩაზე, რომელსაც საბჭოთა დროს პოპულარულ კაფე “პინგვინთან” მივყავართ, ყოფილი სახლის ნანგრევების ორი სართულის ჩონჩხია დარჩენილი. აივნებზე დაგებულ ბეტონზე კი ჭადრები ამოიზარდა და ძირს ფესვებიც ჩაუშვა.

ამ შენობას ორი მესაკუთრე ჰყავს. სოხუმის მთავარი არქიტექტორი სვეტლანა შამენკოვა არ ასახელებს მათ ვინაობას, თუმცა გვიყვება, რომ მეპატრონეები ვერ რიგდებიან, რა უყონ შენობას.

შენობის მთავარი ნაწილის მეპატრონეს სურს, რომ მთლიანად დაანგრიოს ის და სასტუმრო ააშენოს. მეორე მეპატრონე შენობის დანგრევის წინააღმდეგია და მისი პირველადი სახით შენარჩუნებისთვის იბრძვის.

“შენობას არ აქვს ისტორიული ღირებულება. ეს არ არის ძეგლი და მისი დანგრევა თამამად შეიძლება, კონსტრუქციის გამაგრებას კი უფრო მეტი ფული სჭირდება”, – ამბობს სვეტლანა შამენკოვა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში სოხუმში აშენებდნენ შენობებს სეისმური აქტიურობის გაუთვალისწინებლად, ამიტომაც იმის რესტავრირება, რაც 100 წლის წინ აშენდა, არ არის მიზანშეწონილი, – ამბობენ სპეციალისტები.

ეს ნიშნავს იმას, რომ შენობები შესაძლო ძლიერი ბიძგების გათვალისწინებით უნდა გამაგრდეს, რაც სამშენებლო სამუშაოებს აძვირებს.

შესაბამისად, უფულობის მიზეზით, ტყის საფარით იფარება ახალგაზრდობისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის მფლობელობაში არსებული შენობაც. მე-20 საუკუნის დასაწყისში აქ იყო ბერძენი ვაჭრი,ს ივან იახიოპულოს ფერმენტაციის ქარხანა, დღეს ეს შენობა აფხაზეთში არქიტექტურის ძეგლად არის აღიარებული. შენობა პირველადი სახით აღდგენას საჭიროებს, თუმცა სახელმწიფო კომიტეტში აცხადებენ, რომ საჭირო ფინანსური რესურსი ჯერ არ არსებობს.

სოხუმის კიდევ ერთი თვალსაჩინო შენობა პუშკინის ქუჩაზე მდებარეობს. თუ შენობის ფანჯრებში შევიხედავთ, დავინახავთ ნაგავსაყრელს, უხამს წარწერებს, გვერდით გავლისას კი საზოგადოებრივი საპირფარეშოსთვის დამახასიათებელ სუნს ვიგრძნობთ.

არქიტექტურის ძეგლი ორი საუკუნის წინანდელია. ოდესღაც დიდებული შენობისგან მხოლოდ კარები დარჩა. საბჭოთა დროს ამ სახლში კომუნალური ბინები იყო განთავსებული, რომლებიც 1992-93 ომის შემდეგ დაცარიელდა. მაშინ გადაწყვეტილი იყო, ეს შენობა მხატვრის, ბარბარე ბუბნოვას სახლ-მუზეუმად გადაკეთებულიყო. თუმცა 2000-ანი წლების დასაწყისში მუზეუმის რემონტი ვერავინ ითავა და მას შემდეგ კერძო მფლობელს გადაეცა, თუმცა ვინაა ის, არავინ იცის.

კიდევ ერთი თვალსაჩინო ნანგრევების კერა ცენტრალური საგამოფენო დარბაზის წინ მდებარეობს. 90-იან წლებში ეს შენობა გალერეად გამოუყვეს აფხაზეთის მხატვართა კავშირს, თუმცა კავშირს მისი რემონტის ფული არ ჰქონდა. მთავრობის მაშინდელი გადაწყვეტილებით, როგორც მხატვართა კავშირის თავმჯდომარე ვიტალი ჯენია ამბობს, საკუთრებაში აწ გარდაცვლილ კონსტანტინე ოზგანს გადასცეს, უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარეს. მას შემდეგ ათზე მეტი წელი გავიდა, მეპატრონე დიდი ხანია შეიცვალა, მაგრამ შენობის მდგომარეობა უცვლელია.

“რამდენი ხანი უნდა არსებობდეს შენობა ასეთ მდგომარეობაში, ეს უპატივცემლობაა იმ ხალხის მიმართ, რომელიც სოხუმში ცხოვრობს. თუ არ შეუძლიათ რემონტი, მისცენ სხვას. არსებობს ქალაქის ადმინისტრაცია, მთავრობა, პრეზიდენტი, ბოლოს და ბოლოს, ვინმემ ხომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება?! ძალიან მტკივნეულია სიარული ქუჩაში და ამ ნანგრევების ყურება”, – ამბობს ჯენია.

მესაკუთრეები დაავალდებულო, შენობების შიდა და გარე ტერიტორია მაინც დაასუფთაონ, ქალაქის ადმინისტრაციასაც არ შეუძლია, რადგან არანაირი საკანონმდებლო რეგულაციები ამ მხრივ არ არსებობს.

“ჯარიმა რომც გამოუწერო, ჯერ მესაკუთრის პოვნაა საჭირო, ბევრი მათგანი აფხაზეთში არც იმყოფება”, – გვიყვება სვეტლანა შამენკოვა.

მეორე მიზეზი, რომლის გამოც ქალაქის ხელისუფლებას ვერ დაავალდებულებ, გაათავისუფლოს ქალაქის შუაგულში არსებული შენობის ტერიტორია ტყის საფარისგან – უსაფრთხოებაა. არავინ იძლევა გარანტიას, რომ შენობა მასში მუშაობის პროცესში არ ჩამოინგრევა.

“ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც რემონტი იწყებოდა ტერიტორიის დასუფთავებით. შევდიოდით შენობის შიგნით სამუშაოებისთვის და ეს იწვევდა კედლების დანგრევას”, – ამბობს სოხუმის მთავარი არქიტექტორი.


მესაკუთრეს ჩამოართვა საკუთრების უფლება, მხოლოდ სასამართლოს გზით შეიძლება, თუმცა პროცედურა იმდენად რთული და ჩახლართულია, კორუფციულ ფანტაზიას დიდ გასაქანს აძლევს.
ამიტომაც აფხაზეთში, პრაქტიკაში, თითქმის არ არსებობს უძრავი ქონების ჩამორთმევის ფაქტები. ამავე დროს, მსხვილი უძრავი ქონების მეპატრონეებად ყველაზე ხშირად გვევლინებიან ჩინოვნიკები და კრიმინალები.

მაგალითად, ყოფილი სასტუმრო “თბილისი” უკვე მრავალი წელია ფანჯრებისა და კარების გარეშე სოხუმის შუაგულში დგას. მისი მფლობელების შესახებ შიშის გამო არავინ საუბრობს ხმამაღლა.

ნანგრევებისა და მოუვლელი კერძო შენობების პარალელურად, სოხუმში დადებითი მაგალითებიც არსებობს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის კონტანტინ ტუჟბას სახლი აკადემიკოს მარრის ქუჩაზე, ყოფილ ენგელსზე. მეპატრონემ სახლის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე ფილები დააგო და ყვავილები და ბუჩქები დარგო.

კონსტანტინ ტუჟბა ამბობს, რომ სახლების ფასადები და ყველაფერი, რაც თვალსაჩინოა, ნებისმიერი გამვლელისთვის მნიშვნელოვანია.

“ჩვენ საკურორტო ქალაქში ვცხოვრობთ, მაგრამ არა მხოლოდ ტურისტის თვალს უნდა ესიამოვნოს ქალაქში გავლა, არამედ ადგილობრივ მცხოვრებლებსაც. საფრანგეთის ზურმუხტისფერი სანაპიროების კადრებს რომ ვუყურებ, მინდა, რომ აფხაზეთიც მსგავსი იყოს. თუკი ყველა მეპატრონე ყურადღებით მოეკიდება საკუთარ სახლს, ეზოს, ტროტუარს და ბულვარს სახლთან ახლოს, ამ ნანგრევებთან გამკლავება შესაძლებელი იქნება”.

სამგალითო და საჩვენებელი შეიძლება ვუწოდოთ სოხუმში შოტლანდიის ქუჩასაც, რომელიც სოხუმის მთაზე ადის. ასევე ამ მხრივ აღსანიშნავია გულიას ქუჩა. სადაც ახალ შენობებთან ერთად ისტორიულ შენობებსაც ჩაუტარდა რესტავრაცია.

სოხუმის ქუჩების გარდასხვა ამავე დროს ფინანსებსაც უკავშირდება. ქალაქის ხედები მისი მცხოვრებლების ფინანსურ მდგომარეობას ასახავს.

ქალაქში გამოკითხვამ აჩვენა, რომ სოხუმის მცხოვრებლები უკვე ვერ ამჩნევენ ნანგრევებს.

“სამსახურში ყოველდღე დავდივარ ზვანბას ქუჩით და ტროტუარიდან ავტომატურად სავალ გზაზე გადავდივარ, რადგან ტროტუარის ნაწილი ჭაობად იქცა და არ ვღელავ იმაზე, რომ საკანალიზაციო წყალზე გადახტომა მიწევს. ამას უკვე შევეგუე”.

ვერონიკა მუდმივად სოჭში ცხოვრობს და სამ თვეში ერთხელ ნათესავებთან სოხუმში ჩამოდის ხოლმე.
“სევდიანია, უყურო ნაცრისფერ შენობებს და სახურავებზე ამოსულ ხეებს. მეორე მხრივ, სიმშვიდეა და რომანტიკულიცაა ეს. სოჭში ამდენ სიმწვანეს ვერ ნახავ, აქ ფიჭვის სუნია ყველგან”.

ქალაქის ნანგრევებით ტურისტებსაც ხშირად გამოუხატავთ აღფრთოვანება. “ყველა ძველ კართან გადავიღე სურათი. ევროპაშიც ბევრი მიტოვებული შენობაა, მაგრამ ისინი სხვანაირად გამოიყურება. მათში არ არის იმდენი სევდა, რამდენიც აქ. მე ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს ნანგრევები ომთან არის დაკავშირებული”, – ამბობს ელენა, ტურისტი მოსკოვიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი