ახალი ამბები

სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები გამოაქვეყნა

4 მარტი, 2021 • 809
სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები გამოაქვეყნა

საქართველოს განათლების სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა.

კერძოდ, მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 15 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები. I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას, რის შემდეგაც სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, საჭიროა მშობელმა სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმა გაავრცელოს, რის შემდეგაც მოხდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა.

უწყების ცნობით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.

სამინისტროს თქმით, რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის პერიოდია 2021 წლის 29 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით.

უწყებაში განმარტავენ, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.

იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, სამინისტროს თქმით, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.

რეგისტრაციის II ეტაპი 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

  • და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში;
  • მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

აღნიშნულ ეტაპზე სამინისტროს განცხადებით, რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას კი უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

III ეტაპი – რეგისტრაციის მესამე ეტაპზე მოხდება პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია – 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

უწყების ცნობით, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რეგისტრაციის IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება.

უწყების განცხადებით, ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

სამინისტროს განცხადებით, მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

უწყების ცნობით, პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტების სია ასეთია:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მასალების გადაბეჭდვის წესი