ახალი ამბები

უკვე გამოჩნდა ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი — თურნავა

4 მარტი, 2021 • 832
უკვე გამოჩნდა ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი — თურნავა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურვანას განცხადებით, მარტის ბოლოს ისრაელიდან საქართველოში ვაქცინირებული ტურისტების ნაკადი ჩამოვა. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

“სასიხარულო ინფორმაციაა, რომ უკვე გამოჩნდნენ პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები. კერძოდ, მარტის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია “არკია” 19, 22 და 26 მარტს შეასრულებს სამ ტურიტულ ჩარტერულ რეისს თელავივი-ბათუმი-თელავივის მიმართულებით. ეს არის ჩვენი პირველი შემსუბუქების შედეგი”, — განაცხადა თურნავამ.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახამად, 4 მარტისთვის ქვეყანის მოსახლეობის 52.26%-ია პირველი დოზით აცრილი, 38.46% კი მეორე დოზითაც აიცრა.

საქართველოში ამ დროისთვის არცერთი მწარმოებლის ვაქცინა არ არის შემოტანილი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მიმდინარე წლის 30 იანვარს განაცხადა, რომ თებერვლის თვის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა უნდა შემოსულიყო.

24 თებერვალს კი გაბუნიამ განაცხადა, რომ აღნიშნული ვაქცინა ქვეყანაში თებერვლის ბოლომდე ვერ შემოვიდოდა, რადგან ქვეყანაში ვაქცინა “კოვაქს” პლატფორმის მეშვეობით უნდა შემოსულიყო, თუმცა პლატფორმამ დამატებითი მოთხოვნები წაუყენა საქართველოს და სხვა ქვეყნებს, რის გამოც საქართველოში ვაქცინა თებერვლის ბოლომდე არ შემოვიდა.

2 მარტს კი გაბუნიამ განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინის პირველი დოზები მარტის ბოლომდე უნდა შემოვიდეს. ვაქცინის მისაღებად კი სამი გზა არსებობს: კოვაქსის პლატფორმა (ჯანმოს ბაზაზე შექმნილი პლატფორმა), ევროკავშირთან მოლაპარაკება, ბილატერული შეთანხმება (უშუალოდ მწარმოებელთან).

მასალების გადაბეჭდვის წესი