ახალი ამბები

“ალბათ, საქართველო უკეთ მუშაობს, ვიდრე ისრაელი” – თენგიზ ცერცვაძე

3 მარტი, 2021 • 1320
“ალბათ, საქართველო უკეთ მუშაობს, ვიდრე ისრაელი” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა ისრაელში კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის შესახებ და განაცხადა, რომ “ალბათ, ჩვენი სახელმწიფო უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელი”.

“ისრაელიში, რომელმაც პროცენტულად ყველაზე მეტი რაოდენობა აცრა მოსახლეობის, ახლა ამბობენ, რომ ორი მესამედი აცრილია ისრაელში, თან „პფაიზერის“ ვაქცინით, სავარაუდოდ, ყველაზე უკეთესით. ყველაზე სარწმუნო მონაცემებით, ისრაელში ბოლო ერთი კვირაა ახალი შემთხვევების რაოდენობა არ ჩამოდის 4000-ზე ქვევით. მაგალითად, გუშინ იყო 5000 ახალი შემთხვევა. ისრაელი ჩვენზე ორჯერ დიდია, ჩვენ 4 მილიონი ვართ, ისრაელი 9 მილიონია. ჩვენ გვაქვს სამასი შემთხვევა ახალი, ხან – 100, ხან – 200, 400-ზე მეტი არა და ისრაელს აქვს 4000-5000 შემთხვევა.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რა, ცერცვაძე ვაქცინის ეფექტურობას ეჭვის ქვეშ აყენებს? არა. ეჭვის ქვეშ ვაყენებ იმას, რომ ვაქცინა არ არის და არ უნდა იყოს განხილული, როგორც ერთადერთი საშუალება და სხვა ეპიდსაწინაღმდეგო ზომები უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ იქნება ვაქცინის პარალელურად გამოგონებული ეფექტური ანტივირუსული მედიკამენტი ვაქცინასთან წყვილში. მაშინ დამარცხდება პანდემია. ვაქცინით მოვახდენთ პრევენციას და მედიკამენტით- ყველას განკურნებას. ეპიდსამსახურებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა ისევე თავგანწირვით და მონდომებით, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ.

მე ვიტყვი ამას და შემომედავოს ვინც უნდა – ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკეთესად მუშაობს, ალბათ, ვიდრე ისრაელის. ცუდი რამე ვთქვი ახლა, ათასი ვინმე შემომედავება, იმიტომ, რომ მათ [ისრაელს] ვაქცინა აქვთ და ჩვენზე 10-ჯერ მეტი ახალი შემთხვევა აქვთ. არ უნდა დავაკნინოთ ყველაფერი ჩვენი, არ უნდა გვქონდეს იმის მოთხოვნილება, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდია და უცხოეთში კარგი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


ისრაელი ამ დროისთვის მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოა, სადაც მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი უკვე აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.

ქვეყანაში კორონავირუსის 787 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. გარდაიცვალა 5 700-ზე მეტი მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი