ახალი ამბები

Freedom House-ის ანგარიშში საქართველოს რეიტინგი კიდევ 1 ქულით გაუარესდა

3 მარტი, 2021 • 1148
Freedom House-ის ანგარიშში საქართველოს რეიტინგი კიდევ 1 ქულით გაუარესდა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის („თავისუფლება მსოფლიოში 2021“) თანახმად, საქართველოს რეიტინგი შარშანდელთან შედარებით ერთი პუნქტით გაუარესდა.

ანგარიში 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნდა და ასახავს 2020 წელს მსოფლიოში დემოკრატიის კუთხით არსებულ ვითარებას.

„ფრიდომ ჰაუსი“ ქვეყნებში თავისუფლების ხარისხს სამი კატეგორიით ზომავს: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი. საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალშია.

საქართველომ შესაძლებელი 100-დან 60 ქულა დააგროვა, მაშინ, როცა წინა ანგარიშში 61 ქულა ჰქონდა. რეიტინგში 0 ქულა „ყველაზე არათავისუფალს“ შეესაბამება, 100 ქულა – „ყველაზე თავისუფალს“. Freedom House-ის რეიტინგში საქართველოს პოზიცია 2018 წლიდან (64 ქულა) ეტაპობრივად უარესდება.

ორგანიზაცია ორი კატეგორიით აფასებს ქვეყნის თავისუფლების დონეს — პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები. პოლიტიკურ უფლებებს 40 ქულა ეთმობა, სამოქალაქოს — 60. პოლიტიკურ უფლებებში საქართველოს 23/40 ქულა უწერია, სამოქალაქო უფლებების ნაწილში — 37/60.

“საქართველო ატარებს რეგულარულ და კონკურენტულ არჩევნებს. ქვეყნის დემოკრატიის ტრაექტორიამ გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა ხელისუფლების გადაცემის პერიოდში, 2012-13 წლებში, თუმცა ბოლო წლებში უკუსვლა შეინიშნება. ოლიგარქიული გავლენა აისახება ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, მედიაგარემო და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის პოლიტიზება. სამოქალაქო უფლებები არასათანადოდ დაცულია”, – ნათქვამია საქართველოს შესახებ ზოგად მიმოხილვაში.

2020 წლის ძირითად მოვლენებს შორის ანგარიშში შესულია საპარლამენტო არჩევნები. ნათქვამია, რომ მმართველმა პარტიამ მესამე ვადით გაიმარჯვა, თუმცა საარჩევნო გარემო გააუარესა ხმების ყიდვამ, ძალადობის შემთხვევებმა და აშკარა შეცდომებმა მონაცემთა ცხრილებში, რამაც ოპოზიცია ბოიკოტისთვის შეაგულიანა.

კოვიდ 19-ის პანდემიის გამო დაწესებული გადაადგილების და მოგზაურობის შეზღუდვებთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ისინი უმეტესწილად საფრთხის პროპორციული იყო, ამავდროულად, აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებულ ტენდერებში პროსამთავრობო ბიზნესი იმარჯვებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი