ახალი ამბები

უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს — ჯანეზაშვილი

3 მარტი, 2021 • 844
უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს — ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მიმდინარე პროცესი აღარ უნდა გაგრძელდეს. მისი განცხადებით, პროცესში იკვეთება როგორც პროცედურული დარღვევები, ისე ინტერესთა კონფლიქტი და უვადო მოსამართლეთა რაოდენობის მნიშვნელოვნად ზრდის პერსპექტივა.

საბჭოს არამოსამართლე წევრის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შესარჩევად ამჟამად სამი კონკურსი მიმდინარეობს. პირველი კონკურსით 9, დანარჩენი ორით კი — თითო მოსამართლე უნდა შეარჩიონ.

“ყველა კონკურსის დასრულების შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ უზენაეს სასამართლოს, რომელიც დაახლოებით 90%-ით უვადო მოსამართლეებით იქნება დაკომპლექტებული… კონკურსის დასრულების შემთხვევაში ათწლეულების განმავლობაში უზენაესი სასამართლოს კარი დაიხურება კომპეტენტური და კეთილსინდისიერი იურისტებისთვის”, — აღნიშნა ჯანეზაშვილმა იუსტიციის საბჭოში გამართულ ბრიფინგზე.

“დაირღვა კანონით დადგენილი ვადები”

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, კანდიდატების შერჩევის პროცესში გასაუბრება არასტაბილურად მიმდინარეობს, პროცესის ორგანიზებისას ორ შემთხვევაში კი კანონით დადგენილი ვადები დაირღვა.

მისივე თქმით, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრს, არცერთ შემთხვევაში მიუღია შეტყობინება საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ კანონით დადგენილ ვადებში, კერძოდ, სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე.

“პირველი კონკურსის (9 ვაკანსია) დროს კანდიდატების მოსმენა, მართალია, კანონით დადგენილ ვადებში დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მან მიიღო არარეგულარული ხასიათი. თუ 2020 წლის დეკემბერში 23 კანდიდატთან ჩატარდა გასაუბრება, იანვარში მხოლოდ 3 კანდიდატის მოსმენა გაიმართა, თებერვალში კი- 5.

მეორე კონკურსის (1 ვაკანსია) ფარგლებში გასაუბრება 2021 წლის 20 იანვარს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე არცერთი გასაუბრება არ ჩატარებულა, რითიც დაირღვა “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ვადები.

ანალოგიური ვითარებაა მესამე კონკურსთან (1 ვაკანსია) მიმართებაშიც, კანდიდატების მოსმენა 2021 წლის 9 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კანონის მოთხოვნა ვადებთან მიმართებაში არც ამ შემთხვევაში შესრულებულა”, — აღნიშნა ჯანეზაშვილმა ბრიფინგზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისგან პასუხს ითხოვს.

“ინტერესთა კონფლიქტი”

ამავე ბრიფინგზე ნაზი ჯანეზაშვილმა ახსენა “ინტერესთა კონფლიქტიც”, რომელზეც მანამდე არაერთგზის უსაბრია როგორც მას, ისე არასამთავრობო სექტორს. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ლევან თევზაძე საბჭოს მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა, კიდევ ერთი კანდიდატი — ეკატერინე შენგელია კი — ირაკლი შენგელიას ბიძაშვილი:

“თუმცა ირაკლი შენგელიამ კონკურსიდან თვითაცილების მიზეზად მხოლოდ ლევან თევზაძე დაასახელა და ისე ჩამოშორდა პროცესს, რამაც დატოვა შთაბეჭდილება, რომ ის ამ ფაქტის გამჟღავნებისგან თავს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი შენგელია ჩამოშორდა პროცესს, მასთან დაკავშირებული იუსტიციის საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი სრულად ჩართულია კონკურსში.

კერძოდ, ზაზა ხარებავა, რომელსაც მისივე ინფორმაციით, ირაკლი შენგელიასთან აკავშირებს ნათელმირონობა, და თამარ ღვამიჩავა, რომელიც ამბობს, რომ ირაკლი შენგელიას და მას “საერთო წინაპარი” ჰყავთ.

მიმაჩნია, რომ ზაზა ხარებავას და თამარ ღვამიჩავას მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში, რომელშიც მონაწილეობენ ეკატერინე შენგელია და ლევან თევზაძე, არის ინტერესთა კონფლიქტი, რაც ჩრდილს აყენებს მთელ პროცესს”.

ჯანეზაშვილი ასევე ახსენებს საბჭოს მოსამართლე წევრს, დიმიტრი გვრიტიშვილს. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარე სამი კონკურსიდან ერთ-ერთში გვრიტიშვილი კანდიდატია, დანარჩენი ორის შემთხვევაში კი სხვა კანდიდატების მოსმენასა და კენჭისყრაში იღებს მონაწილეობას:

“მიუხედავად იმისა, რომ სამი სხვადასხვა კონკურსი მიმდინარეობს, ფაქტობრივად, ეს არის უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის ერთი მთლიანი პროცესი, ვინაიდან თითოეული კონკურსი დროის ახლო პერიოდში გამოცხადდა და ამასთან, კანდიდატების ნაწილი ერთდროულად მონაწილეობს 2 ან 3 კონკურსში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი კანდიდატია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ რიგით მე-2 კონკურსში, რომელიც 2020 წლის 2 ნოემბერს გამოცხადდა. თუმცა,ის, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, ჩართულია პირველ და მესამე კონკურსებში.

[ეს] იმას ნიშნავს, რომ გვრიტიშვილი დაესწრო მისი კონკურენტი კანდიდატების მოსმენას – მათთან დასვა კითხვები, მანვე უნდა შეაფასოს კონკურენტი კანდიდატები და დაუწეროს ქულები კრიტერიუმების მიხედვით, საბოლოოდ კი მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში კანდიდატის ნომინირებასთან დაკავშირებით”.

ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ გვრიტიშვილი, როგორც საბჭოს წევრი, უნდა ჩამოშორებოდა კანდიდატების შერჩევის პროცესს, რათა თავიდან აეცილებინა ინტერესთა კონფლიქტი.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი საბჭოს მოუწოდებს, აღარ გააგრძელოს კანიდდატების შერჩევის პროცესი, “რათა პროცესში გამოვლენილი დარღვევები და უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის მოქმედი პროცედურა ვერ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს”.

ნეტგაზეტი აღნიშნულ საკითხზე დაუკავშირდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მათგან პასუხის მიღების შემთხვევასი, სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი