ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს ცხინვალში 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

2 მარტი, 2021 • 821
საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს ცხინვალში 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2019 წლის 21 ნოემბერს დაკავებულ გენადი ბესტაევს ცხინვალის სასამართლომ 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

“უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგი, რაც მიზნად ისახავს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლას და მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას.

საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნება დაყენებული 5 მარტს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე.

საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გამოგონილი მიზეზებით განხორციელებულ უკანონო დაკავებებზე, სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ბესტაევის წინააღმდეგ დე ფაქტო უწყებას საქმე აღძრული ჰქონდა ორი, საზღვრის კვეთისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლებით. ბესტაევს ედავებოდნენ 9 გრამი მარიხუანის ფლობას.

„დადგინდა, რომ ეს პირი განმეორებით იქნა დაკავებული მსგავსი დანაშაულისთვის და იგი ექვემდებარება ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას“, – წერია იქაური კგბ-ს განცხადებაში მისი დაკავების პერიოდში.

ბესტაევი ზარდიანთკარში 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს. ადგილობრივი გამოცემა „ქართლი.ჯის“ ცნობით, გენადი ბესტაევის სახლი ზარდიანთკარში იმ ადგილას დგას, სადაც გამყოფი ხაზია და ღობეა გავლებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი