ახალი ამბები

ღარიბაშვილი ისევ თავის ლიანდაგებს დაუბრუნდა — ელისაშვილი

2 მარტი, 2021 • 776
ღარიბაშვილი ისევ თავის ლიანდაგებს დაუბრუნდა — ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ “თავის ლიანდაგებს” დაუბრუნდა.

მისი თქმით, გუშინ, პირველ მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიცირებულ შეხვედრაზე შეთანხმების მიუხედავად მხარეებმა ტონი არ შეარბილეს.

“შეთანხმება იყო ერთადერთი, რომ ერთმანეთისკენ გადაიდგმებოდა ნაბიჯები, ყველა თავს შეიკავებდა პროვოკაციისგან და ყველა ეცდებოდა, რომ კონფრონტაციული ტონი დარბილებულიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ 100-180 გრადუსით შეცვლილ რეალობას — შეურაცხმყოფელ შეძახილებს პარლამენტთან შეკრებილი ოპოზიციის მხრიდან და ისევ თავის ლიანდაგებს დაუბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილი თავის კონფრონტაციული განცხადებებით. ეს არის ძალიან ცუდი, მაღალჩინოსანი ევროპელი პოლიტოკისთვის მიცემულ სიტყვას მაინც უნდა გაფრთხილებოდნენ. ჩავთვალოთ, რომ გვიან ღამით დასრულებული შეხვედრის შემდეგ ვერ გავიაზრეთ, რაზე შევთანხმდით”, — განაცხადა ელისაშვილმა.


გუშინ, პირველ მარტს, პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შედგა. “ქართული ოცნებიდან” შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ პოლიტსაბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ გახდებოდა ცნობილი ხელისუფლების შემდგომი ნაბიჯები.

აღნიშნულ შეხვედრამდე ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ “ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ დიალოგი. სხვა შემთხვევაში არ შედგება კონსტრუქციული დიალოგი”.

თუმცა ამ განცხადებიდან მეორე დღესვე ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ “ოცნების” მხრიდან ვადამდელი არჩევნები არ განიხილება.

მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტსაბჭოსთან და შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით – ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი