ახალი ამბები

კაცმა ცოლი აწამა, შემდეგ კი მოკვლით დაემუქრა – პროკურატურა

2 მარტი, 2021 • 891
კაცმა ცოლი აწამა, შემდეგ კი მოკვლით დაემუქრა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყების შუამდგომლობით პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ცოლი აწამა, შემდეგ კი მას და მისი ოჯახის წევრებს – მშობლებსა და ძმას- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

როგორც უწყება წერს, კაცმა ქალზე გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობდა და აწამებდა, კერძოდ:

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 თებერვალს ქ. თბილისში ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ჩათვალა, რომ მის მეუღლეს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერისა და საკუთარი თანხების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, აწამა იგი. კაცი დაზარალებულს 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც იატაკზე დააგდო და ხელებით და ფეხებით ურტყამდა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. შემდეგ კი ძალის გამოყენებით სააბაზანოში შეიყვანა და ცივი შხაპის ქვეშ ამყოფებდა“.

პროკურატურა ასევე ამბობს, რომ 2021 წლის 25 თებერვალს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, მეუღლის მშობლებს და ძმას , ხოლო გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად იძალადა მეუღლის მამაზე და ძმაზე.

კაცს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -144 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11′-151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი