ახალი ამბები

ღარიბაშვილი ილია II-ს შეხვდა

2 მარტი, 2021 • 721
ღარიბაშვილი ილია II-ს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორე შეხვდა.

პრემიერმა თქვა, რომ ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ გამოხატა პატივისცემა პატრიარქის მიმართ. შემდეგ კი დასძინა:

„მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი დრო არის გამოწვევებით აღსავსე. ჩვენ გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ, პატრიარქის წინააღმდეგ. არნახული ცილისწამებების კასკადი ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი, არის მტრული და არ ემსახურება ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის ინტერესებს.

მეორეს მხრივ, მე, როგორც მთავრობის მეთაურმა, ეკლესიას სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვი, კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


გუშინ, პირველ მარტს საქართველოში ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი – შარლ მიშელი ჩამოვიდა. მან შეხვედრები გამართა როგორც პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, ასევე ოპოზიციასთან. გვიან ღამით, მისივე ინიციატივით, დაინიშნა შევხვედრა ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის.

შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღარიბაშვილი და ოპოზიცია 6-პუნქტიან დღის წესრიგზე შეთანხმდნენ, რომელიც დიალოგის ფარგლებში უნდა განიხილონ სამომავლოდ.

აღნიშნული მოლაპარაკებების მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულებაა, რადგან ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ამ დრომდე არ აღიარებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და არ შედის საკანონმდებლო ორგანოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი