ახალი ამბები

„აქცია პარლამენტთან გუშინდელი შეთანხმების საპირისპიროა“ – ელისაშვილი

2 მარტი, 2021 • 612
„აქცია პარლამენტთან გუშინდელი შეთანხმების საპირისპიროა“ – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პარლამენტთან ოპოზიციის დღევანდელი აქცია ეწინააღმდეგება შარლ მიშელთან შეხვედრის “სულისკვეთებას”, რომელიც გუშინ, პირველ მარტს შედგა.

“გუშინდელი დღის მთავარი შეთანხმება იყო, რომ ორივე მხარემ უნდა შეარბილოს ტონი, უნდა მორჩეს მუშტების ბრახუნს, პროვოკაციულ ნაბიჯებს. დღევანდელი დღე და აქცია პარლამენტთან ეს არის საპირისპირო.

ეს არის იმ სულისკვეთების საწინააღმდეგო, რა სულისკვეთებაც იყო გუშინ პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის დროს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას პატივს ვცემ, შეუძლია ნებისმიერ ადამიანს გააპროტესტოს, რასაც არ ეთანხმება, მაგრამ ეს არის საპირისპირო და გულდასაწყვეტი”, – განაცხადა ელისაშვილმა.


დღეს, 2 მარტს ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქტივისტები პარლამენტის შესასვლელებთან იდგნენ და შენობაში შემსვლელებს ხვდებოდნენ შეძახილებით „მონა!“. აქციის დროს დააკავეს რამდენიმე აქტივისტი, ადგილზე აქტიურად მობილიზებული იყო პოლიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი