ახალი ამბებიეკონომიკა

ერთი წელიწადში გაძვირებულ პროდუქტებს შორისაა ზეთი, პური და შაქარი

2 მარტი, 2021 • 803
ერთი წელიწადში გაძვირებულ პროდუქტებს შორისაა ზეთი, პური და შაქარი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.3 პროცენტით განისაზღვრა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასები გაზრდილია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, მათ შორის, 34.3 პროცენტით გაძვირდა ზეთი და ცხიმი, 14.1 პროცენტით გაიზარდა ფასები შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე, 12.4 პროცენტით გაძვირდა ყავა ჩაი და კაკაო, 10.6 პროცენტით – თევზი, 8.7 პროცენტით – პური, 6.4 პროცენტით – რძის პროდუქტები და კვერცხი.

გარდა სურსათისა, თებერვლის თვეში ფასების მატება დაფიქსირდა ჯანდაცვის, სახლის მოვლის, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფებშიც.

ჯგუფების წვლილი 2021 წლის თებერვლის ინფლაციაში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით/საქსტატი

ერთადერთი ჯგუფი, სადაც, საქსტატის მონაცემებით, ფასების კლება ფიქსირდება, არის ე.წ. კომუნალური მომსახურებების — საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია და აირის ჯგუფი.

აღნიშნულ ჯგუფში თებერვლის თვეში ფასები გაიაფდა 21.2 პროცენტით, რაც -1.85 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებების ქვეჯგუფში დაფიქსირდა 33.8- პროცენტიანი გაიაფება, ხოლო ელექტრო-ენერგიის, აირისა და სხვა სათბობი სახეების ჯგუფში დაფიქსირდა 29- პროცენტიანი გაიაფება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიხედვით, საქართველოში მიზნობრივი წლიური ინფლაცია 3.0 პროცენტია. ინფლაციის საქსტატის მიერ გამოთვლილი მონაცემი კი მას 0.6 პროცენტით აღემატება.

რატომ იაფდება “კომუნალურების ჯგუფი”

ნეტგაზეთი გასულ თვეში ესაუბრა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ფასების სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი თეთრაულს, რომელმაც განაცხადა, რომ “კომუნალურების ჯგუფში ” ფასების კლება გამოწვეულია “მთავრობის სუბსიდირების პროგრამით”.

“მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფისთვის მოხდა დახარჯული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება. შინაარსობრივად ეს ნიშნავს, რომ როდესაც მომხმარებელს რაიმე პროდუქტისთვის ეძლევა სუბსიდია, მისთვის ამ პროდუქტზე გაწეული ხარჯი მცირდება. შესაბამისად, ეს უნდა აისახოს ინფლაციის მაჩვენებელშიც. ინფლაციის დათვლისას გამოიყენება მომხმარებლის მიერ გადახდილი ფასი”, — აცხადებს გიორგი თეთრაული.

ამ შემთხვევაში საქსტატი იყენებს ე.წ. მომხმარებელზე ორიენტირებულ მეთოდოლოგიას, სადაც იანგარიშება პროდუქციისა და მომსახურების მხოლოდ ის ფასები, რასაც მომხმარებელი, ანუ რიგითი მოქალაქე, უშუალოდ საკუთარი ჯიბიდან იხდის. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული არ არის სახელმწიფოს მიერ გამოყენებული სუბსიდირების ელემენტი, რადგან მიიჩნევა, რომ სუბსიდია მომხმარებლისგან დამოუკიდებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება, თუმცა თავად სახელმწიფო ბიუჯეტი სწორედ მომხმარებელთა მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ თეორიულად, სახელწმიფო ყველა პროდუქციისა და მომსახურების სუბსიდირებას მოახდენს, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდეს, საქსტატში აცხადებენ, რომ ეს შესაძლებელია, რადგან მომხმარებელს რეალურად გაუიაფდება გაწეული ხარჯი.

“ისევ და ისევ რიგითი მომხმარებლის კუთხიდან რომ შევხედოთ, თუ მომხმარებელს არაფერი გაუძვირდება, იქნება ეს სუბსიდიიდან გამომდინარე თუ სხვა მიზეზით, შესაბამისად, მისთვის ინფლაცია, ანუ ფასების გაძვირება არ იქნება. თუ მომხმარებლისთვის ფასი არ გაზრდილა, მაშინ ეს ინფლაციაშიც ვერ აისახება. რა სახსრებიდან მოხდა ამის გადახდა, ამ შემთხვევაში ეს არ მოქმედებს ინფლაციის დაანგარიშების მეთოდოლოგიაში”, – განუცხადა გიორგი თეთრაულმა ნეტგაზეთს.

მისივე თქმით, საქსტატი მეთოდოლოგიურ ჩარჩოდ იყენებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2004 წლის სახელმძღვანელოს, სახელწოდებით, “Consumer Price Index Manual”, რომელიც 2020 წელს განახლდა.

აგრეთვე, საქსტატის საიტზე ატვირთულია კიდევ ერთი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2009 წელს გამოცემული სახელმძღვანელო, სახელწოდებით, “Practical Guide to Producing Consumer Price Indices”, სადაც ნათქვამია, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსის დასაანგარიშებლად გამოყენებული ფასები არის ის ფინანსები, რომლებსაც უშუალოდ მომხმარებელი იხდის და არ ითვალისწინებს მთავრობის შესაძლო სუბსიდიებს, რომელიც პროდუქციას ან მომსახურებას მომხმარებლისგან დამოუკიდებლად ემატება.

“ხარჯის წონა დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ რეალურად გადახდილ ფასზე”, — ნათქვამია სახელმძღვანელოში.


გასულ თვეში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ძალაში დატოვა ე.წ. “მკაცრი მონეტარული პოლიტიკა”, მიუხედავად იმისა, რომ საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებელი ე.წ. თარგეთირებულ დიაპაზონში იყო.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მაშინ აცხადებდნენ, რომ “ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირებული ინფლაციის კლება არის “დროებითი ეგზოგენური ფაქტორებით” გამოწვეული, რის გამოც რეფინანსირების განაკვეთი არ შეიცვლებოდა”.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკონომისტი რომან გოცირიძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებდა, რომ საქსტატის მეთოდოლოგია “მანიპულაციური” იყო და არ ასახავდა რეალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი