ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი ოპოზიციას ისევ სთავაზობს ვადამდელ არჩევნებს

1 მარტი, 2021 • 778
ფაშინიანი ოპოზიციას ისევ სთავაზობს ვადამდელ არჩევნებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი პარლამენტის დათხოვნას და ვადამდელ არჩევნებს სთავაზობს გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც მის გადადგომას მოითხოვს.

ამის შესახებ ფაშინიანმა მხარდამჭერებთან დღევანდელი მიტინგის დროს განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანმა ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში თქვა, რომ მზად არის, „ხალხის ნების საფუძველზე“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, თუმცა ოპოზიცია არჩევნებამდე მის გადადგომას და პრემიერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დანიშვნას მოითხოვდა.

რამდენიმე კვირის წინ კი ფაშინიანმა თქვა, რომ “რიგგარეშე არჩევნების ჩატარების სურვილი ფართო საზოგადოებაში არ არსებობს”.


სომხეთში კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრემიერმა გენშტაბის მაღალი თანამდებობის პირები დაითხოვა.

25 თებერვალს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანსა და მის მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადამდგარიყვნენ.

„პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ამ მეტად კრიზისულ და საბედისწერო ვითარებაში“, – წერია გენერალური შტაბის განცხადებაში.

მაღალი თანამდებობის სამხედრო პირები ასევე წერენ, რომ „მოქმედი მთავრობის არაეფექტურმა მმართველობამ და საგარეო პოლიტიკაში მძიმე შეცდომებმა ქვეყანა კოლაფსის პირას მიიყვანა“.

ამ განცხადების პასუხად ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ გენშტაბის განცხადებას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებდა და მხარდამჭერებს იმ დღესვე მოუწოდა, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილიყვნენ.

მისი მხარდამჭერების პარალელურად, თავისუფლების მოედანზე, რომელიც დაახლოებით 1კმ-ში მდებარეობს, ოპოზიციის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ფაშინიანმა მოგვიანებით მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა, ოპონენტებს კი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ პრემიერის გადადგომამდე აქციებს გამართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი