ახალი ამბები

“ლელო” ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას მოითხოვს

1 მარტი, 2021 • 778
“ლელო” ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას მოითხოვს

პარტია “ლელოს” ლიდერებმა, ანა ნაცვლიშვილმა და ვატო სურგულაძემ მინისტრ ტიკარაძის გადადგომის მოთხოვნით ბრიფინგი გამართეს. პარტიის ლიდერები მინისტრისგან პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვენ საქართველოში ვაქცინების შემოტანის პროცესის გაჭიანურების გამო.

“ლელოს” განცხადებით, აღნიშნული საერთო ეროვნული გამოწვევაა და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას უნდა გაეხსნა კარი სფეროს ყველა ექსპერტისთვის და პროცესებში ჩაერთო, რათა ქვეყანას კრიზისი სწორად ემართა და ვაქცინები საქართველოში დროულად შემოსულიყო:

“ამის საპასუხოდ ჩვენ ხელისუფლებისგან ვიღებდით მხოლოდ და მხოლოდ არაფერზე დაფუძნებულ თავდაჯერებას, ტყუილების კასკადს, რომელიც დღეს გასკდა იმიტომ, რომ “კოვაქსის პლატფორმამ” გააკეთა ღია განცხადება, თუ ვისი და რისი ბრალია, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს ვაქცინა. რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ვნახეთ სრულიად არაფრის მთქმელი, დაბნეული პრესკონფერენცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის. მინისტრი ახლაც არ კადრულობს, რომ ახლა მაინც გამოსულიყო, გაეკეთებინა საბოლოო ახსნა-განმარტება და ეთქვა, რომ “მივდივარ იმიტომ, რომ ვერ მოვაბი თავი”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით , „ლელომ“ შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა გააკეთა თითოეულმა უწყებამ იმისთვის, რომ ქვეყანას ვაქცინა მიეღო, თუმცა, მისივე თქმით, ამ დრომდე ინფორმაცია არ მიუღიათ.

ანა ნაცვლიშვილი მოუწოდებს მინისტრ ტიკარიძეს, სასწრაფოდ დატოვოს თანამდებობა. ასევე, მოითხოვა, უმოკლეს დროში გასაჯაროვდეს არსებული მიმოწერა ვაქცინის საქართველოში შემოტანასთნ დაკავშირებით.

ვაქცინების შემოტანის პროცესის გაჭიანურების მიზეზებზე დღეს ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მინისტრის მოადგილის კომენტარს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:

IPN-სთვის მიწერილ პასუხზე ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას “კოვაქსს” სთხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი