ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“რუსული იარაღი ერთ-ერთი საუკეთესოა” – ფაშინიანმა პოზიცია შეიცვალა

1 მარტი, 2021 • 2006
“რუსული იარაღი ერთ-ერთი საუკეთესოა” – ფაშინიანმა პოზიცია შეიცვალა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, რუსულ სარაკეტო კომპელქსებთან [“ისკანდერი”] დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ  ნიკოლ ფაშინიანის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ ისინი “გამოუსადეგარია და ბოლომდე არ ფეთქდება”, მისთვის “არასწორად მიწოდებული ინფორმაციის” შედეგია.

ფაშინიანის პრეს-მდივანმა, მანე გევორგიანმა ამის შესახებ სომხურ გამოცემა “არმენპრესთან” ისაუბრა.

მისივე თქმით, 25 თებერვალს ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

“სომხეთის პრემიერ-მინისტრი მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. მეტიც, პრემიერ-მინისტრის განცხადებას არანაირი კავშირი არ აქვს სამხედრო სფეროში სომხურ-რუსული სამოკავშირეო ურთიერთობების შინაარსთან და ხარისხთან.

არც ის გარემოება იწვევს ეჭვებს, რომ რუსული იარაღი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. სომხეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციასთან  სამხედრო წარმოების და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მჭიდრო უერთიერთობას აგრძელებს”.


24 თებერვალს 1in.am -თან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსულ სარეკეტო კომპლექსებს [«Искандер»] გამოუსადეგარი უწოდა.

ამ განცხადებით ფაშინიანმა ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ მთიან ყარაბაღში ომის დაწყებიდან მალევე უნდა გამოეყენებინათ რუსული სარაკეტო კომპლექსები. ფაშინიანის განმარტებით, აღნიშნული რუსული სარაკეტო კომპლექსები “გამართულად არ მუშაობს და ბოლომდე არ ფეთქდება”.

აღნიშნული განცხადების შემდეგ სომხეთში პოლიტიკური კრიზისი განსაკუთრებით გამწვავდა. ნიკოლ ფაშინიანმა 25 თებერვალს გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ტირან ხაჩატრიანი დაითხოვა, რომელმაც, როგორც სომხური მედია იუწყება, “სასაცილოდ აიგდო ნიკოლ ფაშინიანის განცხადება რუსული სარაკეტო კომპლექსის – ისკანდერის შესახებ”. ხაჩატრიანის დათხოვნას მოჰყვა გენერალური შტაბის განცხადება, რომლის შესაბამისად, ფაშინიანი და მისი მთავრობა უნდა გადადგეს. გენერალური შტაბის განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად გამოაცხადა და მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდა.

მას შემდეგ სომხეთის დედაქალაქში გაერთიანებული ოპოზიცია მიტინგებს მართავს და ფაშინიანის გადადგომას ითხოვს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი