ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი და ოპოზიცია მხარდამჭერებს დღევანდელ აქციებზე მისვლისკენ მოუწოდებენ

1 მარტი, 2021 • 445
ფაშინიანი და ოპოზიცია მხარდამჭერებს დღევანდელ აქციებზე მისვლისკენ მოუწოდებენ

დღეს, პირველ მარტს, ერევანში გაიმართება ორი სხვადასხვა აქცია, პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის მომხრეთა და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი აქციები.

ორივე აქცია საღამოს, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაიგეგმა.

“მიტინგში თითოეული ადამიანის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ყველა, ერთი ადამიანის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას არ მოვითმენთ, მხარს დავუჭერთ ჩვენს არმიას, პრეზიდეტს და ბოლომდე დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ამ მთავრობის წასვლა გარდაუვალია”, – ნათქვამია ოპოზიციის მიმართვაში.

თავის მხრივ, პრემიერმა ფაშინიანმაც მოუწოდა მხარდამჭერებს შეკრებისკენ. ასევე, გაიხსენონ 2008 წლის პირველი მარტის მოვლენები, როდესაც იმდროინდელი ხელისუფლების [პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი] ბრძანებით, აქციაზე დემონსტრანტებისა და ძალოვნების შეტაკების დროს მოქალაქეები და პოლიციელები დაიღუპნენ.


სომხეთში კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრემიერმა გენშტაბის მაღალი თანამდებობის პირები დაითხოვა.

25 თებერვალს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანსა და მის მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადამდგარიყვნენ.

„პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ამ მეტად კრიზისულ და საბედისწერო ვითარებაში“, – წერია გენერალური შტაბის განცხადებაში.

მაღალი თანამდებობის სამხედრო პირები ასევე წერენ, რომ „მოქმედი მთავრობის არაეფექტურმა მმართველობამ და საგარეო პოლიტიკაში მძიმე შეცდომებმა ქვეყანა კოლაფსის პირას მიიყვანა“.

ამ განცხადების პასუხად ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ გენშტაბის განცხადებას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებდა და მხარდამჭერებს იმ დღესვე მოუწოდა, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილიყვნენ.

მისი მხარდამჭერების პარალელურად, თავისუფლების მოედანზე, რომელიც დაახლოებით 1კმ-ში მდებარეობს, ოპოზიციის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ფაშინიანმა მოგვიანებით მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა, ოპონენტებს კი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ პრემიერის გადადგომამდე აქციებს გამართავენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი