ახალი ამბები

ხელები შორს ქართული ბუნებისგან — სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობაზე

28 თებერვალი, 2021 • 2040
ხელები შორს ქართული ბუნებისგან — სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში გამართულ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს.

როგორც სააკაშვილი ამბობს, დღეს, საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება, ბევრად უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თურქეთისთვის ან ნებისმიერი მეზობელი ქვეყნისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა.

“ულამაზესია ჩვენი ბუნება, არ შეიძლება მისი ხელისხლება, ეს არის იმხელა საგანძური. უბრალოდ, უნდა გესმოდეთ, რომ არსებობს ენერგიის წარმოების ბევრი სხვა საშუალება, ქარის ტურბინები, მზის ენერგია და ა.შ. ხელები შორს ქართული ბუნებისგან! საქართველოს სჭირდება კონკრეტული, გრძელვადიანი განვითარება. რაც შეეხება ნამახვანს, ამ თურქებთან ჩვენ ვიცით რომელი კაცის ინტერესია ჩადებული, საქართველოში ივანიშვილის ინტერესის გარეშე არც ერთი ჰესი არ შენდება.ამიტომ არის, რომ ამდენი ხანი წაუყრუვეს ხალხის მოთხოვნა, ახლა მოუხდებათ დაკმაყოფილება დარწმუნებული ვარ, საბოლო ჯამში ხალხი გაიმარჯვებს ამ და ყველა სხვა საკითხში, ხალხის ენერგიას წინ ვერაფერი აღუდგება”,  – განაცხადა სააკაშვილმა.

დღეს, 28 თებერვალს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქტივისტები ჰესის მშენებელი თურქული კომპანიის ხეობიდან გაყვანას ითხოვენ.


“რადიო თავისუფლების” არქივის თანახმად, ”ნამახვანჰესების კასკადის” მშენებლობის შესახებ საქართველოსა და თურქეთ-სამხრეთ კორეის კონსორციუმს შორის მემორანდუმი 2009 წელს გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმებისას საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ”ნამახვანჰესი” სიდიდით მეორე ჰიდროელექტროსადგური იქნებოდა საქართველოში.

”ეს ნიშნავს საქართველოში მეორე ენგურის აშენებას. ეს ნიშნავს იმერეთსა და რაჭაში დასაქმებულ 20 ათას ადამიანს. 2011 წლიდან საქართველოში უზარმაზარ საინვესტიციო პროგრამას განვახორციელებთ. ეს, გარდა იმისა, რომ ხალხს დაასაქმებს, საქართველოს, ელექტროენერგიის სახით, მუდმივი ექსპორტის წყაროს გაუჩენს”,  – აცხადებდა სააკაშვილი.

ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი