ნეტგაზეთი | “ოცნების” დეპუტატი განმარტავს, რატომ აღნიშნა შეზღუდვების დროს დაბადების დღე “ოცნების” დეპუტატი განმარტავს, რატომ აღნიშნა შეზღუდვების დროს დაბადების დღე – Netgazeti
RU | GE  

“ოცნების” დეპუტატი განმარტავს, რატომ აღნიშნა შეზღუდვების დროს დაბადების დღე

“მთავარი არხის” ინფრომაციით, 23 თებერვალს, “კომენდანტის საათის” დროს “ქართული ოცნების” დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის სახლში მმართველი გუნდის წევრები იყვნენ შეკრებილი. როგორც “მთავარი არხის” კადრებში ჩანს, ობოლაშვილის სტუმრებს შორის იყვნენ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერე კახა კალაძე.

“კომენდანტის საათისა” და შეკრებასთან დაკავშირებით არსებული რეკომენდაციების მიუხედავად შეკრება ობოლაშილმა “მთავარ არხთან” იმით ახსნა, რომ მისი დაბადების დღე იყო. თუმცა პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე, ასევე მის მიერ შევსებულ დეკლარაციაში დეპუტატის დაბადების რიცხვად პირველი მარტია მითითებული.

დაბადების დღის რიცხვთან დაკავშირებით ნეტგაზეთმა განმარტება დეპუტატს სთხოვა, რაზეც მან გვიპასუხა, რომ ის 23 თებერვალსაა დაბადებული, თუმცა სამშობიაროში მისი დაბადების თარიღად პირველი მარტია მითითებული.

“1974 წლის 23 თებერვალს ვარ დაბადებული. ბავშვს დაჭირდა ცნობა საზაფხულო სკოლისთვის და როდესააც ცნობის ასაღებად მივიდა ბავშვი, იქ ამოვარდა ის, რომ ის, რომ ჩემი დაბადება გატარებული ყოფილა პირველ მარტს. ეს იყო სურპრიზი როგორც ჩემთვის, ასევე დედაჩემისთვის. მომიწია მთელი ამ დოკუმენტაციის გადაკეთება პირველ მარტზე, იმიტომ, რომ სარწმუნო წყაროდ ითვლება სამშობიაროში პირველი ჩანაწერი. ამის გამო მომიწია პასპორტების შეცვლა და ყველაფრის გადაკეთება”, — განაცხადა ობოლაშვილმა.

იმას, რომ შეზღუდვების მიუხედავად, პოლიტიკოსები შეკრებებს აწყობენ, სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. დეპუტატს ვკითხეთ, რას ფიქრობდა საზოგადოების ნაწილის აღშფოთებაზე და რამდენად სამართლიანად მიაჩნდა მათი კრიტიკა, რომელიც აღნიშნულ სიუჟეტს მოჰყვა.

ანტონ ობოლაშვილი ამბობს, რომ თავისი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს. თუმცა მისი თქმით, გულსატკენია, რომ მის დაბადების დღეს “აბსურდული” გამოხმაურებები მოჰყვა.

“ყველას აქვს თავის აზრის გამოხატვის უფლება. გარკვეულწილად გულსატკენია, იმიტომ, რომ მქონდა დაბადების დღე, ათას სისულელეს და აბსურდს წერენ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გული მტკივა ამ თემაზე — 23 თებერვალს დაბადებული და პირველი მარტია ოფიციალური და ათასი კუდი მიაბეს”, — ამბობს ობოლაშვილი.

ამასთან ობოლაშვილი გამოეხმაურა იმასაც, რომ 23 თებერვალს, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკაბის დღეს, სწორედ ამ ფაქტს აღნიშნავდნენ. დეპუტატი აღნიშნულს უარყოფს.

“მე არ ვაპირებდი არაფრის გადახდას და არც წვეულებისთვის მზადება არ მქონია, სახლში ვიყავი და მოვიდნენ მეგობრები და მეგობრებს ხომ უნდა დახვდე? ვახშამი მქონდა, წვეულება და ამბები არანაირად… სტუმარს ხომ არ ჰკითხავ საშვი გაქვს თუ არა. მოგონილი და შეთიხნილია, რომ წინასწარ დაგეგმილი წვეულება იყო. მელიას დაჭერას აღნიშნავენო, სრული აბსურდია. ჯერ ნებისმიერი ადამიანის დაკავება როგორ უნდა გაგეხარდეს?” — განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი