ახალი ამბები

“ლელო” “კარვების ქალაქის” საკითხზე აქტივისტების ულტიმატუმს ემიჯნება

26 თებერვალი, 2021 • 1850
“ლელო” “კარვების ქალაქის” საკითხზე აქტივისტების ულტიმატუმს ემიჯნება

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პატივს სცემს რუსთაველზე ახალგაზრდა აქტივისტების ბრძოლას ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართულებით, თუმცა “ლელო” კატეგორიულად ემიჯნება ყველა იმ ქმედებას, რომელმაც შეიძლება ქვეყნის პარალიზება გამოიწვიოს.

ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილე აქტივისტები მოძრაობიდან “საქართველოსთვის” ხელისუფლებას 2-კვირიან ვადას აძლევენ 3 მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში აქტივისტები აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირი (სამანქანო გზა) კარვებით გადაიკეტება.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ალიკა კუპრავამ განაცხადა, მოთხოვნები, რომელიც ხელისუფლებამ უნდა დააკმაყოფილოს 2 კვირის ვადაში, არის შემდეგი:

  • ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები (ახალი ცესკო)
  • პოლიტიკური დევნის შეწყვეტა
  • პოლიტპატიმრების გათავსიუფლება

ამ საკითხზე ტელეკომპანია პირველის ეთერში კომენტარი გააკეთა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსთაველის გადაკეტვის გეგმის შესახებ არაფერი იცოდა.

“რუსთაველის გადაკეტვა ჩემთვის ახალია. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ბუნებრივია, აქტივისტებს აქვთ თავიანთი პოზიცია და ასე გამოხატავენ ამას. მე კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება პარალიზება გაუკეთოს ჩვენს ქვეყანას. ერთი არის პრობლემა, მაგრამ მას მეორე არ უნდა დავუმატოთ. იმედი მაქვს… საერთოდ ულტიმატუმებით საუბარი არ არის სწორი. მე პატივს ვცემ ამ ახალგაზრდებს, თავის პროტესტს გამოხატავენ და ისინი მაქსიმალისტები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ვნახეთ 30 წლის განმავლობაში”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ის მხარს უჭერს აქტივისტებს, რომლებიც კარვებში ათენებენ ღამეს პროტესტის გამოსახატად, თუმცა მიმართავს, რომ ახლა “ისედაც ვერმომუშავე სახელმწიფო ინსტიტუტების” ბლოკირების დრო არ არის. მან საერთაშორისო რეაქციებზე დაყრდნობით იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის “ნორმალური დიალოგი” შედგება.

მოძრაობის “საქართველოსთვის” წევრებმა ულტიმატუმის შესახებ დღეს განაცხადეს. მათი თქმით, ხელისუფლება წითელი ხაზები უკვე გადაკვეთა.

რუსთაველი კარვების ქალაქად გადაიქცევა – აქტივისტები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი