ახალი ამბები

რამდენად რეალისტურია ხელისუფლების გეგმა EU-ში წევრობის განაცხადზე 2024-ში | მოსაზრებები

26 თებერვალი, 2021 • 1079
რამდენად რეალისტურია ხელისუფლების გეგმა EU-ში წევრობის განაცხადზე 2024-ში | მოსაზრებები

მმართველი პარტიის, „ქართულმა ოცნების“ განცხადებით, 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობის ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გეგმავს.

ამ განცხადებას ჯერჯერობით რაიმე სახის გამოხმაურება არ მოჰყოლია ბრიუსელის მხრიდან.

თბილისში ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ამერიკის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ “საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე”.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) თხოვნით,შერჩეულმა ექსპერტებმა საფრანგეთიდან, გერმანიიდან და შვედეთიდან შემდეგ სამ შეკითხვას უპასუხეს, მათ შორის:

[checklist]

  • ევროკავშირის წინაშე არსებული ბოლოდროინდელი გამოწვევების გათვალისწინებით, რა შეიძლება იყოს საქართველოს ევროპულ ამბიციებთან, კერძოდ, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების ინიციატივასთან დაკავშირებული რისკები და მოსალოდნელი სარგებელი?
  • თუ საქართველო გადაწყვეტს ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას, უმჯობესი იქნება ამის გაკეთება დამოუკიდებლად, თუ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად?
  • როგორ უნდა გაუმკლავდეს საქართველოს მთავრობა ევროკავშირის სკეპტიციზმს ასოცირებული ქვეყნების ევროპული მისწრაფებების მიმართ?

[/checklist]

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის (გერმანია), ოტო-სურის პოლიტიკის მეცნიერების ინსტიტუტის ევროპული ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელის, ტანია ბიორცელის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადს გააკეთებს, როგორც ამას საქართველოს მთავრობა აანონსებს, ბრიუსელი, სავარაუდოდ, პირდაპირი უარის ნაცვლად, გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობას გააჭიანურებს.

ტანია ბიორცელი

მისივე თქმით, ბრიუსელს უარის თქმის შემთხვევაში მოუწევს მისი გადაწყვეტილების დასაბუთება წევრობის კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

“ამჟამად ევროკავშირის ყურადღება მიმართულია დასავლეთ ბალკანეთის ოთხი სახელმწიფოს მიმართ, რომლებიც გაერთიანების წევრობისკენ ისწრაფვიან. მიუხედავად ამისა, ევროკავშირს არ შეუძლია პირდაპირი უარის თქმა საქართველოს წევრობის განაცხადზე და საჭირო იქნება მისი გადაწყვეტილების დასაბუთება წევრობის კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ასეთ შემთხვევაში ბრიუსელს მოუწევს დაასაბუთოს, რომ საქართველოს, ერთი მხრივ, არ გააჩნია სტაბილური ინსტიტუტები დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების დაცვის უზრუნველსაყოფად, ხოლო, მეორე მხრივ, არ აქვს ფუნქციური საბაზრო ეკონომიკა და შესაძლებლობა, გაუმკლავდეს ევროკავშირში არსებულ კონკურენციასა და საბაზრო ქსელებს. ეს შესაძლოა ასეთი მარტივი არ იყოს, თუ მხედველობაში მივიღებთ დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთ კანდიდატ სახელმწიფოში არსებულ ვითარებას.

ევროკავშირს გამოხატული აქვს მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გაერთიანებაში არ მიიღებს ახალ წევრებს მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემებით. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლისთვის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრება ნაკლებად სავარაუდოა, გაერთიანებაში მათი მიღებით ევროკავშირის წევრების რიცხვი 30-ს გადააჭარბებს. ამან შესაძლოა ევროკავშირის მხრიდან კოპენჰაგენის „მეოთხე“ კრიტერიუმის გამოყენება გამოიწვიოს, რომელიც ახალი წევრების მიღების შესაძლებლობას შეეხება.

ზემოთ მოყვანილი არცერთი საკითხი, თავისთავად, არ გამორიცხავს ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას. საქართველოს წევრობის ოფიციალურ განაცხადზე პირდაპირი უარის თქმის ნაცვლად, შესაძლოა, ბრიუსელმა საკითხის გაჭიანურების გზას მიმართოს, როგორც ეს 1989 წელს თურქეთთან დაკავშირებით გააკეთა. ევროკავშირმა მხარი დაუჭირა თურქეთის საბოლოო გაწევრებას ევროკავშირში, თუმცა საკითხი მომავლისთვის გადადო, მას შემდეგ, რაც თურქეთი მიაღწევდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროგრესს, გააუმჯობესებდა ურთიერთობებს საბერძნეთთან და მოაგვარებდა კვიპროსის კონფლიქტს. ათი წლის შემდეგ ჰელსინკის ევროპულმა საბჭომ თურქეთი კანდიდატად ცნო”, – აცხადებს ტანია ბიორცელი.

ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევები და კავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს სკეპტიკური განწყობები საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესში შემაფერხებლად მიაჩნია კიდევ ერთ მკვლევარს, სორბონ ნუველის უნივერსიტეტის (პარიზი) ასოცირებულ პროფესორს, ლორ დერკურს. 

ლორ დერკური

“თუ გავითვალისწინებთ ევროკავშირის წინაშე მდგარ ბოლოდროინდელი გამოწვევების მასშტაბსა და ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს სკეპტიკურ დამოკიდებულებას გაფართოების მიმართ, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ საქართველომ უახლოესი წლების განმავლობაში კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი მიიღოს. ნაადრევი განაცხადის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირი, სავარაუდოდ, მოუწოდებს საქართველოს, სრულად განახორციელოს ასოცირების შესახებ შეთანხმება შემდგომი ნაბიჯების განხილვის პროცესის დაწყებამდე. თუმცა, ევროკავშირის პასუხისგან დამოუკიდებლად, გაერთიანების წევრობის ოფიციალურმა განაცხადმა, ასევე, შესაძლოა გაზარდოს ევროკავშირის ორბიტაზე საქართველოს ხილვადობა.

ისტორია გვაჩვენებს, რომ ევროკავშირი, როგორც წესი (თუმცა არა სისტემატიურად), რამდენიმე ქვეყნის ერთად მიღების გზით ფართოვდებოდა. ერთობლივი განაცხადი კანდიდატ სახელმწიფოებს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს და, ასევე, უფრო მეტად ამყარებს (თუნდაც მცირედით) მათ პოზიციას ევროკავშირის მიმართ. ბრიუსელის პერსპექტივიდან, ჯგუფური აპლიკაციები გაერთიანებას აძლევს „ხარვეზების გამოვლენისა და მათზე მითითების“ სტრატეგიის გამოყენების საშუალებას, რაც დამატებით ბერკეტს ქმნის რეფორმების წასახალისებლად ისეთ ქვეყნებში, რომლებიც სხვა კანდიდატებს ჩამორჩებიან. თუმცა სამი ასოცირებული სახელმწიფოს შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ ქვეყნის ზომისა და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, უკრაინის წევრობის განაცხადი ევროკავშირს გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენებს. საქართველომ (მოლდოვასთან ერთად) აღნიშნული ფაქტორი მხედველობაში უნდა მიიღოს.

[რაც შეეხება ევროკავშირის სკეპტიციზმთან გამკლავებას,] ვფიქრობ, რომ გამოსავალი ორივე მხარის წინაშე არსებული გამოწვევების გაგებასა და ურთიერთგააზრებაშია. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებმა გააცნობიერონ ევროკავშირში არსებული ვითარება და ეცადონ, შეინარჩუნონ რეალისტური მოლოდინები, ხოლო, მეორე მხრივ, მათმა მთავრობებმა უნდა სცადონ ევროკავშირის ცნობიერების ამაღლება და სენსიტიურობის გაზრდა იმ საშინაო და საგარეო გამოწვევების მიმართ, რომლებსაც ისინი ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე აწყდებიან”, – ამბობს დერკური.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ევროპის მიმართულების რედაქტორი რიკარდ ჯოზვიაკის განცხადებით, იგი მხარს უჭერს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთებას, თუმცა ეს, “სავარაუდოდ, იმედგაცრუებით დასრულდება”.

რიკარდ ჯოზვიაკი

“მე მხარს ვუჭერ 2024 წლისთვის საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის წევრობის ოფიციალური განაცხადის გაკეთებას. ეს თამამი ნაბიჯია, რომელიც, სავარაუდოდ, იმედგაცრუებით დასრულდება, მაგრამ ჩემთვის ცხადია, რომ თბილისს სჭირდება პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობაში და აღმოსავლეთ პარტნიორობა ქვეყნისთვის გარკვეულ შემზღუდველ ფაქტორად იქცა. ამ ნაბიჯს შეუძლია თქვენი ევროპული მისწრაფებების გამოცოცხლება, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს უკრაინასა და მოლდოვასთან შეთანხმებით. ცალკე მდგომი საქართველოს წევრობის განაცხადი ევროპული კომისიის საწყობში დარჩება და დავიწყებას მიეცემა, როგორც ეს ბოსნიის შემთხვევაში მოხდა. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ წევრობის განაცხადს სხვა პარტიებს შორისაც ჰქონდეს მხარდაჭერა, პოლიტიკოსებმა საქართველოს მოქალაქეებს უნდა აუხსნან, რომ ეს პროცესი წარმოადგენს მარათონს კონკრეტული ფინიშის ხაზის გარეშე, ხოლო დიპლომატებმა გაფართოების მიმართ სკეპტიკურ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში დამატებით უნდა იმუშაონ პოლიტიკოსებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასარწმუნებლად, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრება არ გულისხმობს გაერთიანებაში კრიმინალის, პოლიტიკური არასტაბილურობისა და არასწორი ეკონომიკური მართვის იმპორტს.

ბუნებრივია, თბილისი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ევროკავშირის ბევრი სახელმწიფო, შესაძლოა, ღიადაც, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ დიპლომატიური არხებით, შეეცდება აზრი შეაცვლევინოს საქართველოს წევრობის განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით. შედეგად, თქვენ მზად უნდა იყოთ პროცესის გაჭიანურებისთვის და საქართველოს მოსახლეობის იმედგაცრუებისთვის.

მაგრამ თბილისს ერთი რამ უნდა ახსოვდეს: მისი გზა ევროკავშირის წევრობისკენ მოსკოვზე გადის. მანამ, სანამ კრემლში საბჭოთა რომანტიკულ-ნაციონალისტური მმართველობაა, რუსეთი ხელს შეუშლის თქვენს სწრაფვას ბრიუსელისკენ”, – ამბობს რიკარდ ჯოზვიაკი.

კიდევ ერთი მკვლევარი, ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) პოლიტიკის მეცნიერების ასოცირებული უფროსი ლექტორი ქეთევან ბოლქვაძე, აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარე ტემპი არადამაკმაყოფილებელია, რაც ეცროინტეგრაციისთვის პრობლემური საკითხია.

ქეთევან ბოლქვაძე

“ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს გზა განვითარებისა და კეთილდღეობისკენ ევროკავშირში შემდგომ ინტეგრაციაზე გადის. თუმცა მნიშვნელოვანია, ჩვენს თავს დავუსვათ შეკითხვა: რას გულისხმობს რეალურად ევროკავშირში ინტეგრაცია? ქართულ პოლიტიკურ ელიტებს შორის არსებობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროკავშირის წევრობისთვის მოსამზადებელ ეტაპად წარმოჩენის ტენდენცია. თუმცა აღმოსავლეთ პარტნიორობა გაერთიანების წევრობას არ გულისხმობს და სინამდვილეში, სწორედ წევრობის ალტერნატივად არის მოაზრებული. აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლების ევროპული მმართველობის ნორმებთან დაახლოება – როგორიცაა კანონის უზენაესობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, უმცირესობების დაცვა – და შედეგად, ევროკავშირის სოციალური მოდელის რეგიონზე გავრცელება.

ამ დროისათვის საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარე ტემპი არადამაკმაყოფილებელია და, როგორც რამდენიმე ევროპარლამენტარმა აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ამბიციას ასეთივე ამბიციური რეფორმები არ ახლავს თან. ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლების პოლიტიზების ზრდამ და საარჩევნო დარღვევებმა კიდევ უფრო გაამყარა არსებული დომინანტური პარტიული სისტემა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ევროკავშირი, რომელიც ისედაც დგას კანონის უზენაესობის პრობლემის წინაშე უნგრეთსა და პოლონეთში, ბევრად უფრო ფრთხილია გაერთიანებაში ისეთი წევრების მიღების მიმართ, რომლებიც არ იცავენ კოპენჰაგენის კრიტერიუმების ძირეულ პრინციპებს. საქართველოს ჯერ კიდევ ბოლომდე არ აუთვისებია ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში შემოთავაზებული შესაძლებლობები, თუმცა ხელშეკრულების რამდენიმე მიზნის განხორციელებას პროცესში ხელი შეეშალა, მათ შორის იმის გამო, თუ როგორ ართმევს თავს ხელისუფლება საინვესტიციო პოლიტიკას („კავკასუს ონლაინი“, ანაკლიის პორტი). აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოები სერიოზულად უნდა მოეკიდონ პოლიტიზებული ინსტიტუტების რეფორმირების საკითხს, რათა ბრიუსელი დაარწმუნონ, რომ ისინი გაფართოებით ისედაც გადაღლილი ევროკავშირისთვის შენაძენი იქნებიან და არა დამატებითი ტვირთი”, – მიაჩნია ბოლქვაძეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი