ახალი ამბები

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა

26 თებერვალი, 2021 • 974
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა. იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა და სხვა დარგები.

საქსტატის ცნობითვე, ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო სფეროებში. მიმდინარე წლის იანვარში 224.4 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა ექსპორტის მაჩვენებელი, რაც 16.2%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვართან შედარებით. 16.6%-ით შემცირდა იმპორტიც და დაახლოებით 538 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

იანვარში საქართველოში 2 835 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 23.3%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 2020 წლის იანვართან შედარებით 8.1%-მდე შემცირდა და დაახლოებით 5. 8 მილიარდი ლარი შეადგინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი