ახალი ამბები

სააპელაციო განმარტავს, რატომ ცნო დაუშვებლად მელიას საჩივარი

25 თებერვალი, 2021 • 737
სააპელაციო განმარტავს, რატომ ცნო დაუშვებლად მელიას საჩივარი

თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, თუ რატომ ცნო ენმ-ის თავმჯდომარის ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად.

სასამართლოს განმარტებით, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის უფლებამოსილებას – განიხილოს საჩივარი საქმის არსებითი განხილვის დროს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებებთან დაკავშირებით და, შესაბამისად, აცხადებენ, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ განიხილავდა წარდგენილ საჩივარს.

რაც შეეხება მხარის შუამდგომლობას წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე, სააპელაციო სასამართლოში აცხადებენ, რომ საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულს აქვს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რიგი უფლებებისა, რომ მოხდეს მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა.

კერძოდ, სააპელაციოს თქმით, ბრალდებულს უფლება აქვს გაასაჩივროს შეფარდებული დაპატიმრება შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.

საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე კი ვალდებულია – განაჩენის გამოტანამდე ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი.

სააპელაციო აღნიშნავს, რომ მხარეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, განაჩენის გამოტანამდე ახალი არსებითი მნიშვნელობის საკითხის არსებობის შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართოს საქმის განმხილველ მოსამართლეს.

სააპელაციომ მელიას პატიმრობის შეცვლაზე საჩივარი დაუშვებლად ცნო

მასალების გადაბეჭდვის წესი