ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ეს არ არის სამხედრო გადატრიალება | ვაზგენ მანუკიანი ერევნის კრიზისზე

25 თებერვალი, 2021 • 1021
ეს არ არის სამხედრო გადატრიალება | ვაზგენ მანუკიანი ერევნის კრიზისზე

„ეს მთავრობა უკვე აგონიაშია და ცდილობს ხალხი განაწყოს არმიის წინააღმდეგ“, – განაცხადა „სამშობლოს გათავისუფლების მოძრაობის“ პრემირ-მინისტრობის კანდიდატმა ვაზგენ მანუკიანმა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„მისი ხელწერაა, რომ ხალხი ერთმანეთს დაუპირისპიროს და შექმნას კონფლიქტები. ამის გამო ჩვენ გვჭირდება თავშეკავებულობა. პირველი ეტაპი – ნიკოლ ფაშინიანის ჩამოშორება. სრულდება და ამავდროულად იწყება მეორე – აღვადგინოთ ჩვენი სამშობლო“, – აცხადებს მანუკიანი ერევნის თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„მივესალმები არმიას. დღეს არის დღე, როდესაც უნდა გაერთიანდეს არმია და ხალხი. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით, მაგრამ დღეს ეს იყო კიდევ უფრო გამოკვეთილი.  ეს არ არის სამხედრო გადატრიალება. არმიას აქვს კონსტიტუციური უფლება, რომ დაასახელოს მტერი, რომელიც საფრთხეს უქმნის სომხეთს – ეს არის ნიკოლ ფაშინიანი“, – ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი.

ვაზგენ მანუკიანმა მოუწოდა სახელმწიფოს ყველა უწყებას, რომ „მიბაძონ არმიას და გადავიდნენ ხალხის მხარეს“.

სომხეთის დედაქალაქში ამ წუთებში ერთმანეთის პარალელურად ორი აქცია იმართება. ერევნის რესპუბლიკის მოედანზე ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად მართავს აქციას, ხოლო თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილნი.


დღეს, 25 თებერვალს, სომხეთის არმიის გენერალმა შტაბმა გაავრცელა განცხადება, რომ ისინი მოითხოვდნენ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას.

განცხადების გავრცელებას წინ უძღოდა ნიკოლ ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, ტირან ხაჩატრიანის გადაყენება.

მასალების გადაბეჭდვის წესი