ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, გავხსნათ გულწრფელი დიალოგი

23 თებერვალი, 2021 • 757
ღარიბაშვილი: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, გავხსნათ გულწრფელი დიალოგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართვას ავრცელებს და პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოუწოდებს:

“მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს.

დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ახლა ქვეყანაში არა დაპირისპირებების, არამედ დიალოგის დროა და სთავაზობს ოპოზიციურ პარტიებს შევიდნენ პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანო დისკუსიისთვის მთავარ პლატფორმად გამოიყენონ:

“ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებაზე, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევაზე, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციაზე. ჩვენს სამშობლოს დასაკარგი დრო არ აქვს. დღეს არა დაყოფის, არამედ გაერთიანების დროა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს, 23 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დააკავეს. მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ის ოფისში შტურმისას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი