ახალი ამბები

“ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ საზოგადოების პრიორიტეტი კანონის უზენაესობაა” – ღარიბაშვილი მელიას დაკავებაზე

23 თებერვალი, 2021 • 705
“ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ საზოგადოების პრიორიტეტი კანონის უზენაესობაა” – ღარიბაშვილი მელიას დაკავებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავება აუცილებელი პირობა იყო პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ, კანონის აღსრულებაზე ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება არ ითვლის მანიფესტაციაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ვინაიდან მათთვის ქვეყნის თითოეული მოქალაქე ძვირფასია:

“გუშინ საქართველოს პარლამენტში წარვადგინე მთავრობის სამომავლო ხედვა. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, გმირი პოლიციელების მიმართ მიზანმიმართული შეურაცხმყოფელი კამპანიის ფონზე, გარდა საერთო მიზნებისა და გამოწვევებისა, დიდწილად ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზეც მიწევდა საუბარი.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა კანონი, რაც იყო აუცილებელი პირობა პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. კანონის აღსრულებაზე ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა. თუმცა ჩვენ არ ვითვლით მანიფესტაციაზე დღეს შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ვინაიდან ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

დღეს, 23 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დააკავეს. მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ის ოფისში შტურმისას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ნიკა მელიას დაკავება მოქალაქეებმა ჯერ კანცელარიასთან, შემდეგ კი პარლამენტთან ფართომასშტაბიან აქციაზე გააპროტესტეს. საკანონმდებლო ორგანოს წინ აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა ორი კარავიც გაშალეს. ამასთან, აქცია დაიგეგმა 26 თებერვალს.

მასალების გადაბეჭდვის წესი