ახალი ამბები

პარლამენტთან დაკავებული ნოდარ რუხაძე 2 ათასი ლარით დააჯარიმეს

23 თებერვალი, 2021 • 1708
პარლამენტთან დაკავებული ნოდარ რუხაძე 2 ათასი ლარით დააჯარიმეს

“სირცხვილიას” აქტივისტი ნოდარ რუხაძე, რომელიც 23 თებერვალს პარლამენტთან დააკავეს, თავისუფალია. მისი ადვოკატის ინფორმაციით, დღესვე გაიმართა სასამართლო პროცესი, რომელზეც აქტივისტს 2 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს.

რუხაძე მაშინ დააკავეს, როცა პარლამენტის ერთ-ერთ ჭიშკართან მარტო იდგა და ხელისუფლების წინააღმდეგ სკანდირებდა.

მცირე ხნის შემდეგ აქტივისტთან თბილისის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გოგა მემანიშვილი მივიდა და მოუწოდა, “გზიდან გადასულიყო”.

რუხაძემ პოლიციელს უპასუხა, რომ ადგილს შეიცვლიდა, როდესაც ჭიშკარი გაიღებოდა. ამ მომენტში ის ჯერ ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე გადაიყვანეს, შემდეგ კი პოლიციის მანქანაში ჩასვეს და დააკავეს.

რუხაძეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, რაც იწვევს ჯარიმას 1 000-დან 4 000 ლარამდე, ან 15-დღიან პატიმრობას. ადვოკატ დიმიტრი ნოზაძის თქმით, შსს რუხაძის მიმართ პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დააჯარიმა.

ნოზაძის თქმით, სასჯელის ნებისმიერი ფორმა უსამართლოა, ვინაიდან რუხაძეს დანაშაული არ ჩაუდენია.

“რადგან ჯერ არ გვაქვს ჩაბარებული დასაბუთებული გადაწყვეტილება, არ ვიცით, რატომ ცნო სამართალდამრღვევად და რატომ შეუფარდა ჯარიმა. იქ რასაც ასაბუთებდა პოლიცია, ის ფაქტი არ მომხდარა.

თითქოს ხელს უშლიდა ვიღაცას ან რაღაცას. არადა, ვიდეოში ჩანს, რომ როდესაც უთხრეს მას, გადადიო, საშუალებაც არ მისცეს, მოთხოვნას დამორჩილებოდა: სტაცეს ხელი და შვიდმა კაცმა შეტენა ავტომობილში”, — ეუბნება ადვოკატი “ნეტგაზეთს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი