ახალი ამბები

ღრმად შეშფოთებული ვარ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებით — ევროპარლამენტარი

23 თებერვალი, 2021 • 1000
ღრმად შეშფოთებული ვარ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებით — ევროპარლამენტარი

ესტონელი ევროპარლამენტარი ურმას პაეტი შეშფოთებულია თბილისში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით. აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის “Renew Europe” წევრმა ტვიტერზე დაწერა.

“ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით  მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების შესახებ. უთანხმოებათა აღმოსაფხვრელად ძალის გამოყენების ნაცვლად, საჭიროა სათანადო დიალოგი და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება”, — აღნიშნავს ის.

შსს-მ ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისში სპეცოპერაცია 23 თებერვლის დილას დაიწყო. განხორციელდა სპეცოპერაცია, რა დროსაც, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს. დაზიანებულია პარტიის ოფისის ინფრასტრუქტურა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

5 გარემოება, რომელიც მელიას დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს

მასალების გადაბეჭდვის წესი