ახალი ამბები

“მადლობა გომელაურს და პოლიციას, ვამაყობ თქვენით” — ღარიბაშვილი

23 თებერვალი, 2021 • 879
“მადლობა გომელაურს და პოლიციას, ვამაყობ თქვენით” — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის შს მინისტრსა და პოლიციას ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის “მაღალპროფესიულ დონეზე” ჩატარების გამო.

“დღეს ჩვენ გავხდით მომსწრენი იმისა, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, გვყავს ძლიერი პოლიცია, გვყავს ძალიან ეფექტური შს მინისტრი. მე მინდა, საჯაროდ ბატონ გომელაურს და მთელ პოლიციას გადავუხადო გულწრფელი მადლობა ჩვენი მთავრობის სახელით იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, სტაბილურობა და კიდევ ერთხელ ყველას შევახსენებთ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო… ვამაყობ თქვენით”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ნიკა მელია არის კრიმინალი — სხვა საქმეზე [ბანკი ქართუს საქმე] მისჯილი აქვს.

“ეს მეორე საქმე, რისთვისაც პოლიციამ დღეს დილით მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავა, უკავშირდება ამ შენობის [პარლამენტის] შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან და მისმა თანაორგანიზატორებმა დაგეგმეს და ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების გამოცდა გადაწყვიტეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება სპეცოპერაციის დროს გამოყენებულ მეთოდებს, ღარიბაშვილის თქმით, ეს არის დემოკრატიული ქვეყნების უმაღლესი სტანდარტი.

“დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, რაც არის ევროპული, თანამედროვე, ამერიკული სტანდარტების შესაბამისი”, — აღნიშნა ღარიბაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დღეს, 23 თებერვლის დილას დააკავეს. მელია პოლიციელებმა სპეციალური მანქანით უკვე წაიყვანეს.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ის ოფისის შტურმისას სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ნიკა მელია დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი