ახალი ამბები

NGO-ები მელიას დაკავებაზე: ხელისუფლებამ არ აჩვენა ვითარების მშვდიობიანად განმუხტვის ნება

23 თებერვალი, 2021 • 401
NGO-ები მელიას დაკავებაზე: ხელისუფლებამ არ აჩვენა ვითარების მშვდიობიანად განმუხტვის ნება

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ენმ-ის ოფისზე შტურმსა და პარტიის თავმდჯომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

NGO-ები გმობენ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც მათი შეფასებით, კიდევ უფრო გაამწვავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არსებული ვითარების განმუხტვა სამართლებრივი და არაძალადობრივი მეთოდებითაც შეეძლო:

“სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ დაელოდა სააპელაციო სასამართლოში მელიას სარჩელის განხილვას და არ აჩვენა მძიმე ვითარების განმუხტვის და პოლიტიკური პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის ნება. ცხადია, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკის გაგრძელებაა. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გასული დღეების განმავლობაში გამოთქმული გაფრთხილებებისა და მოწოდებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია”, – აცხადებენ ხელმომწერი ორგანიზაციები.

მათი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესები თანდათან მძიმდებოდა, დღეს კი სრულიად ჩიხშია შესული.

განცხადების ხელმომწერთა თქმით, საქართველოს მთავრობას სიტუაციის განმუხტვის რეალური პოლიტიკური ნება კრიზისის გამწვავების არცერთ ეტაპზე არ გამოუჩენია. აღნიშნული ქმედებით კი, NGO-ების განცხადებით, სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციისკენ გადაიდგა ნაბიჯი, რაც შესაძლოა ქვეყნისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იყოს:

“ცხადია, რომ პროცესების მომავალ გამწვავებაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ ძალას ეკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ცალსახად ესკალაციის გზას ადგას, რთულია მისგან ადეკვატური გადაწყვეტილების მოლოდინი. შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია შევაჩეროთ საზოგადოების კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია და არ დავუშვათ სამოქალაქო დაპირისპირება.

მოვუწოდებთ ჩვენი ქვეყნის მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამისი რეაგირებისკენ. დღეს, როგორც არასოდეს, საქართველოს სჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, ვინაიდან, სიტუაციის უფრო მეტად ესკალაციის შემთხვევაში, ქვეყანამ შესაძლოა დამოუკიდებლობის პერიოდში მოპოვებული ყველა მიღწევა დაკარგოს”, – აცხადებენ NGO-ები.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო – TIG
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკომონიკური ანალიზის ცენტრი
  • საზოგადოება და ბანკები
  • მედიის განვითარების ფონდი – MDF
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი – GFSIS
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS
  • ღია საზოგადოების ფონდი – OSGF
  • ცენტრი “ემპათია”
  • საფარი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი – EPRC
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია – UNAG
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • მწვანე ალტერნატივა
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი – DRI
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი – IDSD

მასალების გადაბეჭდვის წესი