ახალი ამბები

ეს ძალიან იმედისმომცემად არ ჟღერს საქართველოსთვის — ჰარმსი ღარიბაშვილის განცხადებებზე

22 თებერვალი, 2021 • 1595
ეს ძალიან იმედისმომცემად არ ჟღერს საქართველოსთვის — ჰარმსი ღარიბაშვილის განცხადებებზე

ყოფილი ევროპარლამენტარი მწვანეთა პარტიიდან, რებეკა ჰარმსი, “ტვიტერზე” აკრიტიკებს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკას.

ჰარმსმა გააზიარა ციტატა ღარიბაშვილის საპარლამენტო გამოსვლიდან, რომელშიც ის ამბობს, რომ ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ან სტატუსი დანაშაულებისთვის თავშესაფარი ვერ იქნება და ყველა ადამიანს, ვინც კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასულია, მოუწევს ამ ჩარჩოებში დაბრუნება.

“ამის გარანტიას მე ვიძლევი!” — დასძენს ღარიბაშვილი.

ყოფილი ევროპარლამენტარი პრემიერობის კანდიდატის განცხადებებს ასე ეხმაურება:

“ეს ძალიან იმედის მომცემად არ ჟღერს საქართველოსთვის და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობისთვის. ახალი პრემიერ-მინისტრი. ძველი კონფრონტაცია”.

ღარიბაშვილი პარლამენტში გამოსვლისას მრავალჯერ შეეხო “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობას. მან პარტია დესტრუქციულ ძალად შეაფასა, ნიკა მელიას “ჩვეულებრივი კრიმინალი” უწოდა და ისიც თქვა, რომ ბოლო დღეებში პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციონერების 80%-ს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დამხობაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა.

ირაკლი ღარიბაშვილი 22 თებერვალს ჯერ ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრთა წინაშე გამოვიდა სიტყვით, შემდეგ კი — პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც ესწრებოდნენ. სწორედ პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი.

“პრიორიტეტი იქნება, აღვადგინო კონსტიტუციური წესრიგი, რომ კანონზე მაღლა არავინ იდგეს” – ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი