ახალი ამბები

“პრიორიტეტი იქნება, აღვადგინო კონსტიტუციური წესრიგი, რომ კანონზე მაღლა არავინ იდგეს” – ღარიბაშვილი

22 თებერვალი, 2021 • 933
“პრიორიტეტი იქნება, აღვადგინო კონსტიტუციური წესრიგი, რომ კანონზე მაღლა არავინ იდგეს” – ღარიბაშვილი

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი პირველი ამოცანა და პრიორიტეტი იქნება, მაქსიმალურად მოკლე ვადაში ქვეყანაში აღდგეს კონსტიტუციური წესრიგი, იმისთვის, რომ “კანონზე მაღლა არავინ იდგეს”:

“ჩემი ერთ-ერთი პირველი ამოცანა და პრიორიტეტი იქნება, რაც შეიძლება მოკლე ვადაში აღვადგინო კონსტიტუციური წესრიგი, რომ არავინ იდგეს ამ ქეყანაში კანონზე მაღლა და კანონი უნდა აღსრულდეს” ,— ამბობს ღარიბაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო პარტნიორებსაც მიმართა და განაცხადა, რომ შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი გულწრფელად წუხს, რომ ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ ქვეყანაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა აცხადებს, რომ ისინი საქმის დეტალებს კარგად არ იცნობენ, ნიკა მელიას კი “ცნობილ დამნაშავედ” მოიხსენიებს:

“მე მინდა განმარტება გავაკეთო ჩვენი გულწრფელი გულშემატკივარი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა გულწრფელად არის შეწუხებული, რომ აქ მიმდინარეობს რაღაც გამოძიება, ისინი არ არიან სიღმეში ჩასული და არ იციან რეალური საფუძველი და შინაარსი ამ საქმეების, მაგრამ საქმე გვაქვს ძალიან ცნობილ დამნაშავესთან, ბატონ ნიკანორ მელიასთან, რომელიც არის უკვე დამნაშავე.

სასამართლომ ის გამოაცხადა დამნაშავედ, რომელიც სულ რაღაც 1-2 თვის წინ მოგვევლინა რევოლუციური დედტრუქციული პარტიის თავმჯდომარედ. ერთადერთი მოტივით, რომ რაიმენაირად ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან წარმოაჩინონ ვითარება, თითქოს ჩვენ ვდევნით პარტიის თავმჯდომარეს”, — ამბობს ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი