ახალი ამბები

„რუსეთის ინტერესს ჩვენ დავუპირისპირებთ ძლიერ ეკონომიკას“ – თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი

21 თებერვალი, 2021 • 664
„რუსეთის ინტერესს ჩვენ დავუპირისპირებთ ძლიერ ეკონომიკას“ – თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი

„რუსეთის რეგიონისადმი გაძლიერებულ ინტერესს ჩვენ დავუპირისპირებთ ძლიერ ეკონომიკას, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურებულ წინსვლას; როგორ ნატოს, ასევე სხვა მისიებში წარმატებულ მონაწილეობას“ – განაცხადა დღეს, 21 თებერვალს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრობის კანდიდატს დღეს, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე მოუსმინეს.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს ჩვენ პარტნიორებს დავანახეთ, რომ საქართველო მზად არის დასკვნითი ნაბიჯები გადადგას ევროატლანტიკურ ოჯახში გასაწევრიანებლად და საქართველოში რუსეთის აგრესიის დასასრულებლად.

ჩვენ გავაგრძელებთ ჯარის მზადყოფნის მუდმივ ამაღლებას და სამხედროებზე ზრუნვის პოლიტიკას. გაგრძელდება ყველა მიმართულებით სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება თავდაცვის ძალებში.

…გრძელდება ოკუპაცია და ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა. რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ცივი ომის შემდგომ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგის შეცვლის სურვილზე, შეიცავს უსაფრთხოების რისკებს, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველო ვალდებულია განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება, პარტნიორებთან თანამშრომლების გაგრძელება და ევროინტეგრაცია“ – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძე ხდება თავდაცვის მინისტრის პოსტზე 19 თებერვალს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

მინისტრად დასახელებამდე ბურჭულაძეს თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი