ახალი ამბები

დისტანციურის დროს ხარვეზების დასადგენად მოსწავლეებს კომპლექსურად შეაფასებენ – ჩხენკელი

21 თებერვალი, 2021 • 1817
დისტანციურის დროს ხარვეზების დასადგენად მოსწავლეებს კომპლექსურად შეაფასებენ – ჩხენკელი

განათლების მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ ჩხენკელი ამბობს, რომ დისტანციური სწავლების პერიოდში არსებული ხარვეზების შესასწავლად და აღმოსაფხვრელად, მოსწავლეებს სკოლებში უფრო კომპლექსურად შეაფასებენ.

გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, მთავრობის მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში მოხსენებებით მივიდნენ. განათლების მინისტრის კანდიდატად კვლავ მიხეილ ჩხენკელია დასახელებული.

დეპუტატ ალეკო ელისაშვილის კითხვაზე, დისტანციური სწავლების წარუმატებლობის შესახებ, ჩხენკელი ამბობს, რომ ზოგადად, ეს გამოცდილება წარმატებული იყო. მისივე თქმით, არსებობენ ბავშვები, ვისაც ინტერნეტზე წვდომა არ ჰქონდათ, რისთვისაც შეიქმნა ტელესკოლა.

კითხვაზე, თუ როგორი წარიმართება დისტანციური სწავლების შედეგების მონიტორინგი – ჩხენკელი ამბობს, რომ დისტანციური სწავლება ვერ შეედრება საკლასო თუ სააუდიტორიო სწავლებებს.

ჩხენკელი განმარტავს, რომ იმის შესაფასებლად, თუ რამდენად ეფექტური იყო თითოეული ბავშვისთვის დისტანციური სწავლება, დაინერგება ახალი შეფასების სისტემაც, რომელიც უფრო ინდივიდუალური იქნება.

„გარდა ნიშნებისა, ჩვენ შემოვიღეთ განმავითარებელი შეფასება, რაც გაცილებით სიღრმისეულია. თითოეული მასწავლებლის მიერ სემესტრის ბოლო ნიშანთან ერთად დაიწერება წერილი, ტექსტურად მოხდება აღწერა, რა მიღწევებს მიაღწია მოსწავლემ, რა გამოწვევები არსებობდა და ა.შ. კი, ნიშანი მნიშვნელოვანია. ნიშანი დისკრეტულია მოაქვს ინფორმაცია, მაგრამ სიღრმისეულად რა გამოწვევები ჰქონდა, რაზე უნდა იმუშაოს, ამას არ ამბობს,“ – განმარტავს ჩხენკელი.

მისივე თქმით, სკოლებში დაბრუნების შემდეგ, მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა დავალებების სახითაც შეაფასებენ, კერძოდ:

„დაიწყება მასწავლებლების მიერ ბავშვების შეფასება განმავითარებელი და კომპლექსური შეფასებების თვალსაზრისით. ჩვენ გვესმის, რომ ის ნაწილი, რაც ბავშვებმა გაიარეს დისტანციურად, იქ შეიძლება იყოს ხარვეზები. ეს ხარვეზები უნდა ინახოს. ამიტომ სკოლაში, ძველ მასალასთან მიმართებით, მიეცემათ მათ კომპლექსური დავალებები. ეს იქნება შემოქმედებითი პროექტები, სადაც ბავშვები ჯგუფურად იმუშავებენ, და ვნახავთ, თუ სად არის ჩავარდა, რომელ საკითხში, რომელიც ბავშვმა ვერ გაიარა დისტანციურად.

მოხდება ამ საკითხის განმეორება, შესაძლო „ხვრელების“ აღმოსაფხვრელად,“ – ამბობს ის.


პანდემიის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის მასშტაბით მრავლადაა რეგიონები, სადაც სადაც ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა 50 პროცენტზე დაბალია.

მაგალითად, იმერეთსა და ქვემო ქართლში ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი იყო 55-57%, აჭარაში – 83%, თბილისში- 114.8% (ერთ ადამიანზე რამდენიმე აბონენტის ნომერი მოდის). ყველა სხვა რეგიონში ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი კი 50%-ზე ბევრად დაბალია. მაგალთად, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 6%-მდეც ვერ აღწევდა.

ნახეთ სტატია ნეტგაზეთის არქივიდან:

დისტანციური სწავლების რეკომენდაცია და მოსწავლეები ინტერნეტის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი