ახალი ამბები

ასეთი პოლიტიკური დევნა და დაპატიმრებები არასდროს უნდა ხდებოდეს — რიში და შაჰინი მელიას საქმეზე

20 თებერვალი, 2021 • 774
ასეთი პოლიტიკური დევნა და დაპატიმრებები არასდროს უნდა ხდებოდეს — რიში და შაჰინი მელიას საქმეზე

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრი, სენატორი ჯიმ რიში და ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი ნიკა მელიას საქმის გარშემო განვითარებულ პროცესებს ეხმაურებიან. ისინი მიესალმებიან მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულების გადადებას, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ “პოლიტიკური დაპატიმრებები არასდროს უნდა ხდებოდეს”.

“ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულნი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ჰქონდეს კანონის უზენაესობა, დემოკრატია, პატიოსანი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ბოლო წლებში ჩვენ ბევრჯერ წამოვჭერით პოლიტიკური დევნის პრობლემა საქართველოს ოფიციალურ პირებთან.

მიუხედავად იმისა, რომ მოხარულნი ვართ ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გაუქმებით, ასეთი პოლიტიკური დევნა და დაპატიმრებები არასდროს უნდა ხდებოდეს. პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე ახლავე უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან პოლიტიკური ატმოსფეროს დეესკალაციისთვის. ვიმედოვნებთ, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად დასრულდება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ბოლო რამდენიმე დღე მელიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გაატარა. ენმ-ის თავმჯდომარის მსგავსად, 17 თებერვალს სასამართლოს მიერ მისთვის პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევდნენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, რომლებიც ნიკა მელიასთან ერთად ოფისში რჩებოდნენ და გამოთქვამდნენ მზაობას, ფიზიკურად დაეცვათ ის.

თუმცა, 19 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ გადაწყვეტილების აღსრულების ღონისძიება გადადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი