პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა “ლელოს” წევრები, რომლებიც პარლამენტთან 17 თებერვალს გამართულ აქციაზე დააკავეს. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” პარტიის პრესსმსახურში დაუდასტურეს.

“ლელოს” წარმომადგენლები საკანონდებლო ორგანოს შენობასთან “ქართული ოცნების” მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. პარტიის ინფორმაციით, პოლიცია პროცესში მას შემდეგ ჩაერია, რაც შეკრებილებმა პარლამენტთან წარწერის გაკეთება სცადეს.

დაკავებულები იყვნენ ირაკლი კუპრაძე, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი, ლუკა თევზაძე და გიორგი ტალახაძე. ყველა მათგანს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

პარლამენტთან ხმაური იყო “ლელოს” აქციამდე რამდენიმე საათით ადრეც: ადგილზე მოძრაობის “საქართველოსთვის” წარმომადგენლები და სხვები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და 20 ადამიანი დააკავა. ყველა მათგანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

შსს განცხადებაში აღნიშნავს, რომ “არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, გააგრძელეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება”.

პარლამენტთან დღეს გამართულ პირველ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველი გამოეხმაურა. მისი თქმით, კარვის მსგავსი დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული.

პარლამენტთან “ლელოს” აქციაზე დააკავეს ირაკლი კუპრაძე, საბა ბუაძე და სხვები — პარტია