ახალი ამბები

გაბუნიას საქმეზე რუსეთის მოქალაქეს 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

19 თებერვალი, 2021 • 926
გაბუნიას საქმეზე რუსეთის მოქალაქეს 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ პირს 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყება წერს, რომ სასამართლომ ვასამბეკ ბოკოვის სახელით ცნობილი პირი ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, ყალბი დოკუმენტების გამოყენების, ადევნების და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ბრალდებებზე დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ მ..-მ, ვ.ბ-ს სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით, 2016 წლის 2 ოქტომბრიდან 2020 წლის 11 მარტამდე პერიოდში უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში ყალბ დოკუმენტებს იყენებდა.

ასევე დადგინდა, რომ 2020 წლის 11 თებერვლიდან 2020 წლის 13 ივნისამდე პერიოდში მ.გ. სისტემატურად ახორციელებდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გ.გ-ს უკანონო თვალთვალს და მის შესახებ პირადი ინფორმაციის მოპოვებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გიორგი გაბუნია დაზარალებულადაა ცნობილი, ხოლო ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (9 ეპიზოდი), 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (7 ეპიზოდი), 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


15 ივნისს “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარმა არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

ეს ინფორმაცია იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ. გვარამია ამტკიცებს, რომ მისი ინფორმაციით, ამ გეგმის შესახებ თავდაპირველად უკრაინულმა სპეცსამსახურებმა შეიტყვეს და ქართულ მხარეს შეატყობინეს. გვარამიას თქმით, ინფორმაცია გაბუნიას მკვლელობის გეგმის შესახებ სუს-იდან აქვს. ის წყაროს არ ასახელებს.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით თქვეს, რომ მკვლელეობის სამიზნე გიორგი გაბუნია იყო.

ბოკოვს ბრალი დაუმძიმდა, გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

მასალების გადაბეჭდვის წესი