ახალი ამბები

ბოლომდე განხეთქილების გზა აირჩიეს – ბაქრაძე ღარიბაშვილის პრემიერობაზე

18 თებერვალი, 2021 • 1070
ბოლომდე განხეთქილების გზა აირჩიეს – ბაქრაძე ღარიბაშვილის პრემიერობაზე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“განხეთქილების გზა აირჩია პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებით.

18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, რის მიზეზადაც ნიკა მელიას საკითხი დაასახელა. „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე საათში წამოაყენა გახარიას შემცვლელი ირაკლი ღარიბაშვილი.

ღარიბშვილი, რომელიც წლების წინ ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პარლამენტის წევრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი იყო; 2015 წელს პოლიტიკიდან მოულოდნელად წასული ღარიბაშვილი 2019 წელს დაბრუნდა თავდაცვის მინისტრის პოსტზე.

დავით ბაქრაძემ „ოცნების“ მიერ მისი კანდიდატურის წამოყენების შემდეგ „მთვარი არხის“ გადაცემა „დღის სტუმარში“ ღარიბაშვილზე საუბრისას თქვა:

„ყველა პრემიერ-მინისტრს შორის ის იყო გამორჩეულად აგრესიული ადამიანი. ის იყო პრემიერ-მინისტრი, რომლის მთელი საქმიანობა იყო აგებული ზიზღის დათესვაზე, ოპოზიციის დევნაზე“.

„გახსოვთ, ის იყო პრემიერი, რომელიც მთავრობის სხდომაზე საუბრობდა, რომ ოპოზიცია გაუპატიურებას იმსახურებს, ის იყო პრემიერი, რომლის დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დაახლოებით 50 ოფისი ერთ დღეში დაარბიეს სხვადასხვა რაიონებში; ის იყო ადამიანი, რომლის დროსაც დაპირისპირებამ, განხეთქილებამ და აგრესიამ მიაღწია მაქსიმუმს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ამიტომაც, ბაქრაძის შეფასებით, ღარიბაშვილის პრემიერის პოსტზე დაბრუნება არის „სიგნალი, რა გზას ირჩევს ქართული ოცნება“:

„დღეს „ქართული ოცნება“ არის გზაჯვარედინზე: დიალოგის საშუალებით სიტაუციის ნორმალიზაცია და ნორმალური გზით წასვლა, რათა ქვეყანა მოწესრიგდეს და თავზე არ დაგვენგრეს, ან ძალიან აგრესიული გზით წასვლა, — ბოლომდე კონფრონტაცია, ბოლომდე ხიდების დაწვა და გადარჩენა-არგადარჩენის პრინციპი, ან შენ გადარჩები, ან შენი ოპონენტი“.

დავით ბაქრაძის ხედვით, ღარიბაშილის დასახელებით „ქართული ოცნების“ არჩევანი ნათელი გახდა: „ოცნებამ აირჩია ბოლომდე განხეთქილების, დაპირისპირების, დაძაბულობის გზა ამ ქვეყანაში“.

„არჩევნებზე როცა ვსაუბრობდით, ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ოპოზიცია და საზოგადოება იყოს ერთი და რაც შეიძლება სწრაფად ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები, რომ ამ საფრთხეს წერტილი დავუსვათ, თორემ დაგვენგრევა ბოლომდე ეს ქვეყანა სკამების შენარჩუნების და ფულის შენარჩუნების მცდელობაში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

რა ხდება პრემიერის გადადგომის შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი