ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ძალიან მოკლე დროში აღვადგენთ წესრიგს

18 თებერვალი, 2021 • 1143
ღარიბაშვილი: ძალიან მოკლე დროში აღვადგენთ წესრიგს

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი გუნდს ნდობისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მისი მეთაურობით მმართველი პარტია ძალიან მალე აღადგენს იმ წესრიგს და წონასწორობას, რომელიც აუწილებელია ქვეყნის ნორმალური, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირებისთვის:

“მინდა, პირველ რიგში, ყველას მოგახსენოთ, ჩვენთვის, ყველასთვის ემოციური დღეა. ამის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარიტის თავმჯდომარეს და მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობდა და პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა.

პირველ რიგში, ეს არის COVID პანდემია, ეს არის უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც ბუნებრივია, საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისთვის ჩვენ ყველანი მოწოდებული ვართ, სწრაფად მოვუგვაროთ ჩვენს მოქალაქეებს პრობლემები. მინდა აღვნიშნო ძალიან მოკლედ, რომ ბუნებრივია, ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება” ,- თქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, 2012 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჯერ გახდა პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან”, შემდეგ კი, 2012 წლის ოქტომბერშივე დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, 2013 წლის ნოემბერში კი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩაანაცვლა ბიძინა ივანიშვილი.

ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრად 2015 წლის 30 დეკემბრამდე იმუშავა და გიორგი კვირიკაშვილმა ჩაანაცვლა.

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მისი საქმიანობა წარმატებულად შეაფასა:

“ირაკლიც საკმაოდ გაიზარდა და მე ვიტყოდი, რომ ის წავიდა თავისი წარმატების პიკზე. თავისი წარმატებების ზენიტში დატოვა მან ხელისუფლება, ისევე როგორც მე.”

გარდა ამისა, ივანიშვილმა აღიარა, რომ ღარიბაშვილმა მაშინ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებისას იჩქარა და გუნდის ყველა წევრი არ იყო ინფორმირებული მისი წასვლის შესახებ.

“დატოვა მხოლოდ იმისთვის, რომ დაეტოვებინა. დღესაც მკითხაობენ ძალიან ბევრნი და ვერ გაუგიათ მიზეზი, რატომ წავიდა. სწორედ ეს იყო მიზეზიც და მიზანიც მისი წასვლის”, – ამბობდა ბიძინა ივანიშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკაში 2019 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა და მმართველ პარტიაში პოლიტიკური მდივნის პოსტი დაიკავა. ამავე წლის სექტემბერში კი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.


17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მელია და ოპოზიციის ლიდერები ენმ-ის სათავო ოფისში შეიკრიბნენ და ამბობდნენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო მელიას დაკავების ღონისძიება გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი