„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. პარტიამ ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ღარიბაშვილის წარდგენისას თქვა, მისი პრემიერად დასახელების გადაწყვეტილება „ოცნებაში“ ერთხმად მიიღეს.

„ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგენის საფუძველზე, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ეკავა, თავიდან შს მინისტრის, ხოლო შემდეგ – პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ახლა კი მას ეკავა თავდაცვის მინისტრის პოზიცია“, – თქვა კობახიძემ და ღარიბაშვილს წარმატება უსურვა.

ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, 2012 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჯერ გახდა პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან”, შემდეგ კი, 2012 წლის ოქტომბერშივე დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, 2013 წლის ნოემბერში კი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩაანაცვლა ბიძინა ივანიშვილი.

ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრად 2015 წლის 30 დეკემბრამდე იმუშავა და გიორგი კვირიკაშვილმა ჩაანაცვლა.

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მისი საქმიანობა წარმატებულად შეაფასა:

“ირაკლიც საკმაოდ გაიზარდა და მე ვიტყოდი, რომ ის წავიდა თავისი წარმატების პიკზე. თავისი წარმატებების ზენიტში დატოვა მან ხელისუფლება, ისევე როგორც მე.”

გარდა ამისა, ივანიშვილმა აღიარა, რომ ღარიბაშვილმა მაშინ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებისას იჩქარა და გუნდის ყველა წევრი არ იყო ინფორმირებული მისი წასვლის შესახებ.

“დატოვა მხოლოდ იმისთვის, რომ დაეტოვებინა. დღესაც მკითხაობენ ძალიან ბევრნი და ვერ გაუგიათ მიზეზი, რატომ წავიდა. სწორედ ეს იყო მიზეზიც და მიზანიც მისი წასვლის”, – ამბობდა ბიძინა ივანიშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკაში 2019 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა და მმართველ პარტიაში პოლიტიკური მდივნის პოსტი დაიკავა. ამავე წლის სექტემბერში კი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.


17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მელია და ოპოზიციის ლიდერები ენმ-ის სათავო ოფისში შეიკრიბნენ და ამბობდნენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო მელიას დაკავების ღონისძიება გადაიდო.

წაიკითხეთ ასევე:

რა ხდება პრემიერის გადადგომის შემდეგ