ახალი ამბები

ცხადაია: “ოცნებას” გამოეცალა საყრდენი, რომლის გარშემოც კამპანია ააგეს

18 თებერვალი, 2021 • 779
ცხადაია: “ოცნებას” გამოეცალა საყრდენი, რომლის გარშემოც კამპანია ააგეს

“თუ ეს არის ადამიანი, რომელიც სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებს აშკარა უსამართლობის დროს, მაშინ აქამდეც ბევრჯერ უნდა წასულიყო”, — ამბობს პოლიტოლოგი გიორგი ცხადაია პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების შეფასებისას.

ცხადაია არ ფიქრობს, რომ ნიკა მელიას საქმე მთავრობის მეთაურის გადადგომის ერთადერთი მიზეზია და მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებას” გამოეცალა “საყრდენი”, რომელიც თავადვე შექმნა.

“არ მგონია, სპონტანური გადაწყვეტილება ყოფილიყო. ნიკა მელიას ამბის ნაირი სხვა ამბები და უფრო უარესები მომხდარა და მაშინ არ წასულა. თუ ეს არის ადამიანი, რომელიც სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებს აშკარა უსამართლობის დროს, მაშინ აქამდეც ბევრჯერ უნდა წასულიყო.

20 ივნისი, პოლიტპატიმრები, რომლებიც გამოაშვებინეს დასავლეთიდან ზეწოლის შედეგად, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე, პროპორციული, როცა მთავრობა პირობას არ ასრულებდა… ბევრი ფაქტი იყო. თუ ასეთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებს, მაშინ აქამდე იზამდა”, – ეუბნება ცხადაია “ნეტგაზეთს”.

ინფორმაციის სიმცირიდან გამომდინარე, პოლიტოლოგს უჭირს იმის თქმა, კონკრეტულად რა მოხდა პარტიის შიგნით. მეორე მხრივ, გიორგი ცხადაია ფიქრობს, რომ ამჟამად “ქართულ ოცნებაში” არეულობაა, ვინაიდან პარტიას გამოეცალა “საყრდენი”, რომელზეც მთელი წინასაარჩევნო კამპანია ააგეს:

“მე მგონია, რომ ქაოსია [პარტიაში], იმიტომ, რომ გახარია იყო “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, რომლის გარშემოც საარჩევნო კამპანია ააგეს. მისი და ბიძინა ივანიშვილის გარშემო იყო მთელი კამპანია აგებული. ეს ბურჯი გამოეცალათ.

სხვა საქმეა ის, რომ ივანიშვილი რეალურად ბევრად წონიანი ფიგურაა და მასზეა დამოკიდებული მთელი ამ გუნდის არსებობა, მაგრამ პარტიას გამოეცალა პროპაგანდის ერთ-ერთი საყრდენი, ვინაიდან “ოცნება” მუდმივად ამბობდა, რომ გახარია წარმატებული ტექნოკრატია, რომელიც კარგად გაუმკლავდება კრიზისს, როგორც პოლიტიკურს, ისე ეკონომიკურს.

როცა ეს კაცი ამ პირობებში ამბობს, რომ კრიზისს ვერ უმკლავდება, ეს, რა თქმა უნდა, დიდი დარტყმაა მთავრობისთვის. საგონებელში არიან ჩავარდნილნი, რადგან მთელი რიტორიკა უნდ ამოატრიალონ და ადამიანი, რომლის გარშემოც ააგეს საარჩევნო კამპანია, ახლა უნდა გამოაცხადონ მტრად”.

მიუხედავად გახარიას ფიგურის გაცხადებული მნიშვნელოვნებისა, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ბოლო სიტყვა მაინც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რომელმაც 1 თვის წინ განაცხადა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. გიორგი ცხადაიას თქმით, სწორედ მან უნდა აუხსნას ამომრჩეველს, რა მოხდა და მანვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდება თუ არა ოპოზიციის მოთხოვნა ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით:

“თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ერთ-ერთი საყრდენი გამოეცალათ, ელექტორატი, ბუნებრივია, დაბნეული იქნება, სანამ ივანიშვილი არ დაალაგებს და თავის ნარატივს არ შექმნის, რა მოხდა.

…მარტო ივანიშვილს შეუძლია ამ ნარატივის აგება და ის ფორმალურად წასულია პოლიტიკიდან. ახლა უნდა დაბრუნდეს, სხვა გზა არ რჩება. როგორ დაბრუნდება, როგორ გაამართლებს თავის დაბრუნებას, ესაა საინტერესო”.

გახარია გადადგა, მელიას დაკავება გადაიდო

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მელია და ოპოზიციის ლიდერები ენმ-ის სათავო ოფისში შეიკრიბნენ და ამბობდნენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო მელიას დაკავების ღონისძიება გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი