ახალი ამბები

კვაშილავა: მთავრობამ აღიარა, რომ პროკურატურა და სასამართლო დამოუკიდებელი არ არის

18 თებერვალი, 2021 • 1614
კვაშილავა: მთავრობამ აღიარა, რომ პროკურატურა და სასამართლო დამოუკიდებელი არ არის

GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანის, ბაკურ კვაშილავას შეფასებით, გიორგი გახარიას განცხადება ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გუნდში შეუთანხმებლობის შესახებ არის მთავრობის მიერ აღიარება, რომ პროკურატურა და სასამართლო დამოუკიდებელი არ არის.

“გახარიას განცხადებაში ჩანდა, რომ გუნდი ვერ შეთანხმდა, აღასრულოს, ანუ დააპატიმროს თუ არა მელია. ანუ, ფაქტობრივად, მთავრობამ აღიარა ის, რასაც ამბობს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ პროკურატურა და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი ორგანოები, როგორც კონსტიტუციით განსაზღვრულია. კონკრეტულად მელიას დაპატიმრება და ა.შ. არის შედარებით უფრო დღევანდელი დღის საკითხი. უფრო შორს მიმავალი პრობლემა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს უკვე დიდი ხანია, არის სწორედ ის, რომ ვერ მოხერხდა დამოუკიდებელი ინსტიტუციების ჩამოყალიბება და გახარიას განცხადებით გაცხადდა ის, რასაც ჩვენ და საერთაშორისო წრეებიც მუდმივად ვამბობთ, მთავრობა კი უარყოფს. თან ნებისმიერი მთავრობა უარყოფს იმას, რომ სასამართლო და ხელისუფლება არის დამოკიდებული პროკურატურაზე”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” კვაშილავამ.

ბაკურ კვაშილავას მიესალმება გახარიას პოზიციას, რომ პოლარიზაციას ურჩევნია გარკვეული საერთო ეროვნული შეთანხმების მიღწევა.

“არავის არ უნდა ჰქონდეს იმის თქმის უფლება, რომ 500 000 ადამიანი, რომელიც ერთ პარტიას აძლევს ხმას და მილიონი ადამიანი, რომელიც მეორეს აძლევს მხარს, ან ერთია მოღალატე, ან მეორე, ან ერთი უნდა გადავაშენოთ, ან მეორე. საითკენაც მიდის მთელი ქართული პოლიტიკური დისკუსია, განსაკუთრებით, ამ არჩევნების შემდეგ. ვინც ამბობს საწინააღმდეგოს, ამბობენ, რომ თითქოს ეს არის უხერხემლო და ასე შემდეგ. და, ფაქტობრივად, გაჩუმებულია იმ ადამიანების უმრავლესობა, რომელიც არ თვლის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არის აუცილებლად მოღალატე”, – ამბობს იგი.

მისი თქმით, სწორედ დამოუკიდებელი ინსტუტუტების ჩამოყალიბება უნდა იყოს დისკუსიის მთავარი საგანი. კვაშილავას აზრით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ძირეული ცვლილების გარანტია არ არის.

“არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნების შემდეგაც ჩვენ მივიღოთ სიტუაცია, როდესაც მხარე, რომელსაც არ მოეწონება საპარლამენტო არჩევნების შედეგი, დაიწყებს იმაზე საუბარს, რომ ახალი ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაატაროს, სანამ მისთვის სასურველი შედეგი არ დადგება. ამიტომ, ქვეყანას ვადამდელი არჩევნები კი არ სჭირდება იმისთვის, რომ გაირკვეს, ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას სჭირდება დისკუსია შინაარსობრივად მნიშვნელოვან საკითხებზე და ამის საფუძველზე მერე უკვე მოსახლეობის გადაწყვეტილება, ვინ უნდა, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს. მაგრამ ეს ბოლო მოვლენები ისე მიდის, რომ საქართველოს პოლიტიკაში კიდევ უფრო გამძაფრდა პერსონალიზაციის მომენტი, როდესაც პიროვნება მოგწონს, არ მოგწონს, არასწორად ჩაგრავენ თუ სწორად ჩაგრავენ, გახდა გადამწყვეტი იმისთვის, რომ გავიგოთ, ვინ უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში. მე მგონია, რომ საქართველო გაიზარდა იმ დონეზე და ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, რომ ეს არ არის ის, რაზეც ჩვენ დისკუსია უნდა გვქონდეს”, – ამბობს კვაშილავა.

ბაკურ კვაშილავა ფიქრობს, რომ ნების არსებობის შემთხვევაში დისკუსიის საშუალება და რესურსი ყველას აქვს, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს და ოპოზიციას, მაგრამ მთავარია, რომ რომელიმე მხარე კომპრომისზე წავიდეს.

“ყველა დამჯდომია მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ ისეთი რამ მოისმინა, რომელიც მას აწყობს”, – ამბობს კვაშილავა.


გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ დღეს, 18 თებერვალს ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება] უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის.  ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე” ,– თქვა გახარიამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ გადადგომა ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას.

გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა დატოვა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი