ახალი ამბები

ლიეტუვის ელჩი ენმ-ის ოფისში მელიასა და სხვა პოლიტიკოსებს შეხვდა

18 თებერვალი, 2021 • 817
ლიეტუვის ელჩი ენმ-ის ოფისში მელიასა და სხვა პოლიტიკოსებს შეხვდა

ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა.  დიპლომატი ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც შსს-მ განცხადება გაავრცელა ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ღონისძიების გადადების შესახებ.

შეხვედრას ოპოზიციის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.

“ელჩთან საუბარი გაიმართა ყველა იმ საკითხზე, რაზეც ოპოზიცია ამ დროის განმავლობაში საუბრობს. მთავარი საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, ძნელი გამოსაცნობი არაა.

ელჩი მოვიდა იმ ადგილას, სადაც ხელისუფლება გეგმავდა შემოსვლას. ეს არის ნათელი გზავნილი, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს ქართველი ხალხის არჩევანს”, – განაცხადა ელჩთან შეხვედრის შემდეგ ნიკა მელიამ.

ოფისში შესვლამდე მოკლე კომენტარი გააკეთა თავად ანდრიუს კალინდრამაც, რომელმაც თქვა, რომ ლიეტუვა საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მუშაობს წარმატების მისაღწევად ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

“…ასევე, გამოვხატავ სოლიდარობას მიმდინარე მოვლენების მიმართ. ცხადია, გვაშფოთებს ისეთი მომავალი, რომელიც შესაძლოა, არაპროპორციული ზომების მიღებამ გამოიწვიოს”,- ამბობს ელჩი კომენტარში, რომელსაც “რუსთავი 2” ავრცელებს.

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

მანამდე, ენმ-ის ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები პარტიის ოფისში იყვნენ შეკრებილნი და ამბობდნენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ. თუმცა გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო მელიას დაკავების ღონისძიება გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი