ახალი ამბები

“ეს არის დიდი გამარჯვება” – სააკაშვილი გახარიას გადადგომაზე

18 თებერვალი, 2021 • 851
“ეს არის დიდი გამარჯვება” – სააკაშვილი გახარიას გადადგომაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს დიდი გამარჯვებაა.

“დღეს საქართველოში უზურპატორი მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახარია გადადგა, იმიტომ, რომ არ მოისურვა თავის თავზე აეღო ივანიშვილის ბრძანების შესრულების პასუხისმგებლობა სისხლისღვრასა და ხალხის მასობრივ დარბევაზე. ეს არის მართლაც დიდი გამარჯვება ოპოზიციური ერთობის, ნიკა მელიასი და საერთოდ ქართველი ხალხის. ახლა მნიშვნელოვანია, რომ არ მოვასუსტოთ ეს ერთობა, პირიქით, გავაფართოოთ, იმიტომ, რომ მთავარი მოთხოვნა ქართველი ხალხის და ოპოზიციის არის რიგგარეშე არჩევნები”, — აცხადებს სააკაშვილი.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს.

“მინდა მივმართო უცხოელ დიპლომატიურ კორპუსს. დიდი მადლობა ევროკავშირის ელჩს გუშინდელი ძალიან სწორი განცხადებისთვის, ამერიკის ელჩის დღევანდელი განცხადებაც იყო ძალიან სწორი, მაგრამ ახლა ყველამ უნდა ვთქვათ, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი სიტუაცია შეიქმნებოდა, რომ პრემიერ-მინისტრი გადადგა და არის ღრმა კრიზისი მმართველ კოალიციაში, ყველა შემთხვევაში ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები. საქართველო რითია სხვა ქვეყანაზე ნაკლები. თუ თქვენ აღიარებთ, რომ ჩვენ ვართ სრულფასოვანი ქვეყანა, თუ თქვენ აღიარებთ, რომ საქართველო მართულია ერთი ოლიგარქის მიერ, მაშინ არჩევნები არ არის საჭირო. ამიტომ ახლა თქვენც უნდა აირჩიოთ, იმიტომ, რომ ჩვენ არასდროს არ მივიღებთ, რომ ჩვენ გვიყურებდნენ როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას”, — აცხადებს სააკაშვილი.

გახარიამ გადადგომის შესახებ დღეს, 18 თებერვალს ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება] უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის.  ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე”, – თქვა გახარიამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ გადადგომა ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას

მასალების გადაბეჭდვის წესი