ახალი ამბები

ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ – აშშ-ის საელჩო

17 თებერვალი, 2021 • 567
ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ – აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში საკუთარი Twitter-ის ანგარიშით ნიკა მელიას სასამართლოს განაჩენის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის  წარმომადგენლებს მიმართავს. განცხადების მიხედვით, ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის მოწინააღმდეგეთა ინტერესებში შედის.

“ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რათა გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება დღევანდელი [სასამართლო] გადაწყვეტილების კვალდაკვალ. ძალადობა მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მათ ინტერესებს, ვისაც სურს ძირი გამოუთხარონ საქართველოს სტაბილურობას. ეს აუცილებლად უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად”, – ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრობის” ლიდერ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების — გირაოს — დამძიმებას და პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი მელიას აღკვეთის ღონიძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილნი არიან პარტიის ლიდერები და მხარდაჭერები, რომლებიც აცხადებენ, რომ “ფიზიკურად დაიცავენ ნიკა მელიას” და პოლიციას არ მისცემენ მისი დაკავების საშუალებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი