ახალი ამბები

სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს – ვოლსკი მელიას დაკავებაზე

18 თებერვალი, 2021 • 692
სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს – ვოლსკი მელიას დაკავებაზე

„ქართული ოცნების“ ლიდერი, გიორგი ვოლსკი ნიკა მელიას დაკავებაზე აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს და თუ მას სპეციალური ღონისძიებები დასჭირდა, ეს გასაკვირი არ არის.

დღეს მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტის ეზოში სპეცრაზმის ბრიგადები იყო მობილიზებული. აღნიშნული ბაზა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისთანაა ახლოს.

„ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, არ ყოფილა ასეთი რამე, მაგრამ სადაც კადრები იყო გადაღებული, ის არის ის ადგილი, სადაც სპეცრაზმი…

ლოკაცია მათი იქ არის და თუ გადაიღებ, სადაც პოლიცია უნდა იყოს, წესით, მით უფრო, ისინი ეკიპირებას იხსნიდნენ თუ აბარებდნენ – რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით შეგიძლია თქვა, რომ პოლიცია აქ არის…“, – ასე პასუხობს ვოლსკი ჟურნალისტების კითხვას სპეცრაზმის მობილიზებასთან დაკავშირებით.

დამატებით კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა  ენმ-ის ოფისის შტურმს, ვოლსკი ამბობს:

„სიტყვა შტურმი არ მომწონს, სასამართლოს გადაწყვეტილება არის შესასრულებელი, თუ ამას სპეციალური ღონისძიებები მოჰყვება, გასაკვირი არ უნდა იყოს. მაგრამ მართალი გითხრათ, შინაგანად ეს სიტუაცია არ მომწონს. არანაირად არ ვარ განწყობილი, რომ ვინმე ციხეში იჯდეს“, – აცხადებს ის.

ვოლსკის შეფასებით, ხალხს აღარ  სურს „სადისტური რეჟიმი, არც ბიზნესმენებს უნდათ მძარცველები“

„ჩვენთანაც ბევრი პრეტენზია აქვთ, მაგრამ სადისტური ხელისუფლების დაბრუნება, მით უფრო, რუსეთის წისქვილზე წყლის დამსხმელი ხელისუფლება, ხალხს აღარ უნდა.

მე მგონია, რომ საააკაშვილის პოლიტიკის ნაწილია ნიკა მელიას ზვარაკად მიტანა ამ პოლიტიკურ სამსხვერპლო მაგიდაზე, მე ასე მგონია. ვერ ვამტკიცებ, მაგრამ ანალიზი მიჩვენებს, რომ არ არის გამორიცხული ასეთი დასკვნა“ ,- თქვა გიორგი ვოლსკიმ.


თბილისის საქალაქო სასამართლომ  17 თებერვალს “ნაციონალური მოძრობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების — გირაოს — დამძიმებას და პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი მელიას აღკვეთის ღონიძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილნი არიან პარტიის ლიდერები და მხარდაჭერები, რომლებიც აცხადებენ, რომ “ფიზიკურად დაიცავენ ნიკა მელიას” და პოლიციას არ მისცემენ მისი დაკავების საშუალებას. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი