ახალი ამბები

“ამ ბაზაზე მუდმივად ასეთი ვითარებაა” – შსს პერსონალის მობილიზაციის შესახებ

17 თებერვალი, 2021 • 1100
“ამ ბაზაზე მუდმივად ასეთი ვითარებაა” – შსს პერსონალის მობილიზაციის შესახებ

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ კახეთის გზატკეცილზე მდებარე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე პერსონალის მობილიზება არ უკავშირდება ნიკა მელიას სასამართლო პროცესს.

“ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზა, ამ ბაზაზე მუდმივად, ყოველდღე ასეთი ვითარებაა, ახლა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”, – განუცხადეს ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ფოტო გარეკანზე: TV პირველი


ამ წუთებში (20:00-21:00) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, ენმ-ის ცენტრალური ოფისის ახლოს მდებარეობს, საპოლიციო ძალების მობილიზება მიმდინარეობს. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანიებმა, ფორმულამ, ტვ პირველმა და მთავარმა არხმა გაავრცელეს.

როგორც “ფორმულას” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, დეპარტამენტის ეზოში ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსებია, რომელშიც სპეცრაზმელები, სავარაუდოდ, ინვენტარს ალაგებენ.

კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისი, სადაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან. სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხ საათზე დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა. დღეს მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურის შუამდგომლობას და შეუფარდებს თუ არა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი