ახალი ამბები | ,

ესებუაა ენმ-ის ოფისში და მის დასაჭერად არიან სპეცრაზმელები? – მელიას ადვოკატი მოსამართლეს

17 თებერვალი, 2021 | | 504
ესებუაა ენმ-ის ოფისში და მის დასაჭერად არიან სპეცრაზმელები? – მელიას ადვოკატი მოსამართლეს

ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე, სადაც განიხილავენ პროკურატურის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

მელიას ერთ-ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსამრთლის მიერ გადაწყვეტილების ფორმალურად გამოცხადებასაც არ დაელოდა და ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ახლოს სპეციალური დანიშნულების რაზმების მობილიზება მოახდინა იმ დროს, როცა მოსამართლეს გადაწყვეტილება გამოტანილი არ ჰქონდა.

“ბატონო მოსამართლე, თუ არა წინასწარ დაწერილი სასამართლოს განჩინება, მაშინ რა უნდა პოლიციას, მაშინ რა უნდა სპეციალური დანიშნულების რაზმს იქ, სადაც არის ნიკა მელია?! იურისტი ბრძანდებით თქვენ, ხომ?! ამაში ეჭვი არ შეგვაქვს. [საიდან გვაქვს ეს ინფორმაცია?] ბატონო მოსამართლე, ჩართეთ ნებისმიერი მედია, სადაც დემონსტრაციულად ჩანს ასეულობით სპეცრაზმელი, ეკიპირებით წარმოდგენილი პირები. ბატონო მოსამართლე, საღი აზრის ფარგლებში კითხვა მაქვს, რა უნდა განსაკუთრებული დავალებების დეპარტამენტის ასეულობით წარმომადგენელს იქ, სადაც იმყოფება პირი, ვის მიმართაც პატიმრობის საკითხი უნდა გადაწყვიტოთ თქვენ. ესებუაა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში თავშეფარებული და ესებუას დასაჭერად არიან?! რატომ არიან, კითხვა არ გიჩნდებათ? რაზე მელაპარაკებით, რომ მე რადგან ამ წუთას არ შემიძლია წარმოგიდგინოთ ტელეფონის სქრინი, პირობითად, რადგან ტელეფონით არ იქნებოდა ეს. ხელმძღვანელი  გეტყოდათ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოთ. ანუ ამის დამამტკიცებელ დოკუმენტს რომ ვერ წარმოგიდგენთ, ან ჩანაწერს რომ ვერ წარმოგიდგენთ, ეს არის მტკიცების სტანდარტი, რომ ვერ ვასაბუთებ?!”-განაცხადა ბასილაიამ.

ნიკა მელიას ადვოკატმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს მიმართა, რომ თუ დაცვის მხარე ცდება, ამის დასამტკიცებლად სასამართლო პროცესი გადადოს. ბასიალას თქმითვე, ამით გაიგებენ, რატომ იყო სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზებული. “თქვენი გადასაწყვეტი კი არა, თქვენი გამოსაცხადებელია”,-უთხრა ბასილაიამ მოსამართლეს, რომელმაც თავის მხრივ ადვოკატს მოუწოდა სასამართლოს პატივისცემისკენ.

“ბატონო მოსამართლე, პატივისცემას როცა ითხოვთ, ეს გამოიწვევა არა იმით, რომ თქვენ ახლა მოსამართლის სავარძელში ზიხართ, არამედ იმით, როგორ მოქმედებთ. პატივისცემას იწვევს ქმედებები და არა სტატუსი, და თუ გინდათ, რომ პატივისცემა დაიმსახუროთ… აქ პერსონალურ პატივიცემაზე კი არ არის საუბარი… მთელი ქვეყანა გიყურებთ ახლა. თუ ჩვენ ვცდებით ამის მარტივი ტესტი იქნება გადაიდოს პროცესი.”

ბასილაიამ მოსამართლეს ასევე უთხრა, თუ ისინი ცდებიან და მოსამართლეს წინასწარ დავალება არ მიუღია, მაშინ გადაწყვეტილების გამოტანა ხვალამდე გადადოს, რათა ყველამ გაიგოს, რას აკეთებს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ახლოს სპეციალური დანიშნულების რაზმები.

“ისმის მარტივი კითხვა, თუ ეს ყველაფერი ამ პროცესთან კავშირში არ არის… რატომ ემთხვევა იმ დროს, როცა ძალიან მალე უნდა გამოცხადდეს თქვენი გადაწყვეტილება. თქვენ თუ ახლა იმას მეტყვით, რომ შსს რას აკეთებს, ეს თქვენი საქმე არ არის. კი ბატონო, ეს შეგიძლიათ გვითხრათ, მაგრამ ამას ხომ არავინ დაიჯერებს. რაც შეეხება დავალების სახეს, რა დავალება შეიძლება არსებობდეს თქვენზე, ეს ხელისგულზეა. სპეცდანიშნულების რაზმი იმიტომ არის იქ მობილიზებული, რომ  დააკავონ ნიკა მელია, ხომ?!”იციან, რომ ნიკა მელიამ და სხვადასხვა საჯარო პირმა განაცხადეს, რომ ეს დაკავება უკანონო იქნება. ერთად მოვიყრით თავს, ამის შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმის იქ მობილიზებას ვხედავთ, რადგან მათი ვარაუდოთ წინააღმდეგობა გადალახონ”.

საბოლოო ჯამში, მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, ადვოკატებს მათ მიერ გაკეთებული განცხადების მტკიცებულება არ წარუდგენიათ.

პროკურატურა სასამართლოში ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით შევიდა, კერძოდ, მოითხოვა გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 30 000 ლარი 70 000 ლარამდე გაზარდა.

მელიას დამატებითი გირაოს გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა, თუმცა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ გირაოს თანხის გადახდისთვის მელიას ჯერ დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა, შემდეგ გასაფრთხილებლად პროკურატურაში დაიბარა, 12 თებერვალს კი პარლამენტს მიმართა ბრალდებული დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახნელად, რათა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენოს.

ენმ-ის ოფისთან ახლოს, გდდ-ს ბაზაზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა – მედია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი