ახალი ამბები

ენმ-ის ოფისთან ახლოს, გდდ-ს ბაზაზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა – მედია

17 თებერვალი, 2021 • 1557
ენმ-ის ოფისთან ახლოს, გდდ-ს ბაზაზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა – მედია

ამ წუთებში (20:00) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, ენმ-ის ცენტრალური ოფისის ახლოს მდებარეობს, საპოლიციო ძალების მობილიზება მიმდინარეობს. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანიებმა, ფორმულამ, ტვ პირველმა და მთავარმა არხმა გაავრცელეს.

როგორც “ფორმულას” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, დეპარტამენტის ეზოში ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსებია, რომელშიც სპეცრაზმელები, სავარაუდოდ, ინვენტარს ალაგებენ.

კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისი, სადაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან. სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხ საათზე დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა. დღეს მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურის შუამდგომლობას და შეუფარდებს თუ არა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას.

ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტორში ცდილობს გადაამოწმოს, უკავაშირდება თუ არა სპეცრაზმის მობილიზება ნიკა მელიას საქმეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი